აფხაზეთის მთავრობისა და მისი ქოლგის ქვეშ არსებული სამინისტროების უმთავრესი პრიორიტეტები ენგურის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვა და ჩვენი სამინისტროების მასშტაბით დარგობრივი მიმართულებით პროგრამების განხორციელებაა, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტი 30 პროცენტით არის გაზრდილი, რაც გულისხმობს უფრო მეტ ღონისძიებებს, პროგრამებს დევნილი ბენეფიციარების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
„თამამად შეიძლება, ითქვას, რომ 2025 წელი აფხაზეთის მთავრობამ წარმატებით ჩაამთავრა. ჩვენ წლის ბოლოს ყველა სამინისტროს მასშტაბით განვახორციელეთ შემაჯამებელი წლიური ანგარიში, სადაც ობიექტურად შევაფასეთ განვლილი 2025 წლის ღონისძიებები, აქტივობები და სიამაყით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ნამდვილად წარმატებული წელი იყო. ამ ანგარიშებმა შესაძლებლობა მოგვცა, უკეთესად განგვესაზღვრა 2026 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები, რომელიც ზუსტად იქნებოდა მორგებული ჩვენი დევნილი ბენეფიციარების საჭიროებებზე.
აფხაზეთის მთავრობისა და მისი ქოლგის ქვეშ არსებული სამინისტროების უმთავრესი პრიორიტეტი ენგურის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვა და ჩვენი სამინისტროების მასშტაბით დარგობრივი მიმართულებით პროგრამების განხორციელებაა, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია დევნილთა საჭიროებებთან. ჩვენ 2026 წლის ბიუჯეტის ფორმირება მოვახდინეთ ამ საჭიროებებზე ორიენტაციით და სიამაყით ვიტყვი, რომ ჩვენი ბიუჯეტი 30 პროცენტით არის გაზრდილი, თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანია პროგრამული წილი. ბიუჯეტის პროგრამული წილის გაზრდა ჩვენ მოვახერხეთ 22 პროცენტიდან 37 პროცენტამდე. ეს გულისხმობს უფრო მეტ ღონისძიებებს და პროგრამებს ჩვენი დევნილი ბენეფიციარების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. გამოვყოფ რამდენიმე საკითხს, სადაც გვაქვს წინსვლა და რაზეც გავაკეთეთ აქცენტი – 2026 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი კობახიძის უშუალო გადაწყვეტილებით, გამოიყო ორი მილიონი ლარი ჩვენი დევნილთა პოლიკლინიკების, როგორც ინფრასტრუქტურული განახლების, ისე ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისკენ. ჩვენ კიდევ მილიონი ლარი აფხაზეთის მთავრობიდან გამოვყავით. შესაბამისად, სამი მილიონი ლარი იქნება დევნილთა პოლიკლინიკების ინფრასტრუქტურული სამუშაოების განახლებისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. ასევე, ყველა სამინისტროს ბიუჯეტი არის გაზრდილი, პროგრამული წილის მოცემულობაში, დაახლოებით სამ-ოთხჯერ არის ზრდის მაჩვენებელი და ვფიქრობთ, რომ 2026 წელს ჩვენ კიდევ უფრო კარგ ღონისძიებებს დავგეგმავთ ჩვენი დევნილი ბენეფიციარების მხარდასაჭერად.
ჩვენ აფხაზეთის მთავრობის აპარატში შევქმენით ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომლის ფუნქცია-მოვალეობა იქნება, რომ უშუალოდ განსაზღვროს ყველა იმ პროგრამის ეფექტიანობა, გამჭვირვალობა და მონიტორინგი, რაც იქნება მორგებული ჩვენს დევნილ ბენეფიციარებზე. ასევე, აღვნიშნავ, რომ აღნიშნული დეპარტამენტი არის მთავრობის ადმინისტრაციაში არსებული ეფექტიანობის ანალოგი და ვფიქრობთ, რომ 2026 წელს თითოეული გამოყოფილი ლარი იქნება ეფექტიანად დახარჯული“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
მისივე თქმით, აფხაზეთის მთავრობამ შექმნა პორტალი (portal.abkhazia.gov.ge), რომლის საშუალებითაც დევნილ ბენეფიციარებს ეძლევათ შესაძლებლობა, ხუთივე სამინისტროს მასშტაბით ყველა პროგრამაზე ჰქონდეთ წვდომა. გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით, განათლების კუთხით ამოქმედებულია რამდენიმე სიახლე.
„ჩვენ შევქმენით პორტალი portal.abkhazia.gov.ge, რომლის საშუალებითაც ჩვენს დევნილ ბენეფიციარებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ხუთივე სამინისტროს მასშტაბით, ყველა პროგრამაზე ჰქონდეთ წვდომა, ინფორმაცია და დისტანციურად გახდნენ პროგრამის ბენეფიციარები, ასევე, მოქმედებს ცხელი ხაზი – 143, რომელიც მუდმივად აწვდით მათ ყველა ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია პროგრამებთან. ჩვენი მთავარი მიმართულება ასევე არის განათლება, ახალგაზრდები. განათლების კუთხით ავამოქმედეთ რამდენიმე სიახლე, ეს არის ჩვენი წარმატებული სტუდენტების სტიპენდიები, ასევე ბაკალავრიატისა და დოქტორანტურის კუთხით არსებული დაფინანსებები. დოქტორანტურის კუთხით ჩვენ ერთჯერად დახმარებას გავცემთ 1 500-2 000 ლარის ფარგლებში. განათლების მიმართულებით გვაქვს რამდენიმე სახელობითი სტიპენდიები და ანაზღაურებითი სტაჟირებები“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
