ჩვენი ერთადერთი პირობა არის ის, რომ ამ დებატებს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი ფორმა და დებატების ერთადერთი მიზანი უნდა იყოს საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ყველა თემასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს დებატები უნდა იყოს საგნობრივი, თემატური.
„ჩვენ ასე წარმოგვიდგენია დისკუსიები, რომლებიც უნდა გაიმართოს საჯარო სივრცეში. დანარჩენი არის მედიასთან კონსულატიების საგანიც. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე, უსწრაფესად მოხერხდება ამ ფორმატებზე შეჯერება. პირადად მეც მზად ვარ, ჩავერთო ასეთ დისკუსიებში. ჩვენი ერთადერთი ამოცანაა, შედგეს ჯანსაღი დისკუსიები, ჯანსაღი დებატები. ეს არის ყველაზე ეფექტიანი გზა საქართველოში პოლარიზაციის მაქსიმალურად დაძლევის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
