პოლიტიკური ჯგუფის – „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი ფასების რეგულირების მიმართულებით საჭირო სამუშაოებზე საუბრობს.
„უნდა შევქმნათ ისეთი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც დამყარებული იქნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე და რომელიც უზრუნველყოფს, რომ მსგავსი ტიპის არაჯანსაღი და უსამართლო ფასწარმოქმნა მომავალშიც ავიცილოთ თავიდან, რათა საკითხი არ იყოს დამოკიდებული ცალკეული კომისიის შექმნაზე და ცალკეული სტრუქტურების, ვგულისხმობ, უპირველეს ყოვლისა, სამთავრობო თუ საპარლამენტო სტრუქტურების მუშაობაზე”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
სამთავრობო კომისიის პარალელურად, მომავალი კვირიდან მუშაობას იწყებს საპარლამენტო კომისიაც. მიზანი ამ შემთხვევაშიც სამომხმარებლო ფასების კლებაა. კომისია შეიმუშავებს სამართლებრივ დოკუმენტს, რომელიც ბაზარზე ჯანსაღ ფასწარმოქმნას უზრუნველყოფს.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ფასებზე მომუშავე საპარლამენტო კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.
„ხალხის ძალას“ კომისიაში ორი წარმომადგენელი – ეკა სეფაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ეყოლება.
