“მე გაკვირვებული ვარ ქალბატონი ნინოს [ჩხობაძე] და ბატონი იაგოს [ხვიჩია] მსჯელობით. ისინი მსჯელობენ ისე, თითქოს ჩვენ ვიყოთ არა 2026 წელში, არამედ ეს იყოს 2023, ან თუნდაც 2024 წელი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი “რუსთავი 2-ის” ეთერში, გადაცემაში “დებატები” აცხადებს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, როდესაც ტრანსატლანტიკური პარტნიორობა, როგორც ასეთი, ფაქტობრივად აღარ არსებობს.
“მე გაკვირვებული ვარ ქალბატონი ნინოს [ჩხობაძე] და ბატონი იაგოს [ხვიჩია] მსჯელობით. ისინი მსჯელობენ ისე, თითქოს ჩვენ ვიყოთ არა 2026 წელში, არამედ ეს იყოს 2023, ან თუნდაც 2024 წელი. ამიტომ ვთქვი, ეს კანონი გეოპოლიტიკასაც კი წინ უსწრებდა. მე მგონი, ახლა უკვე ცხადად ჩანს, როგორ სამყაროში ვცხოვრობთ. საუბრობენ პარტნიორებზე, გამჭვირვალობასა და ა.შ. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, როდესაც ტრანსატლანტიკური პარტნიორობა, როგორც ასეთი, ფაქტობრივად აღარ არსებობს. ვხედავთ ჩვენ, რა დაპირისპირებები არის ევროკავშირის შიგნით. ვხედავთ ჩვენს სამყაროში გეოპოლიტიკა როგორ იცვლება და თქვენ მსჯელობთ, თითქოს ახლა იყოს 2023-2024 წელი და ჩვენ ამას ვხედავდით. ამას ჩვენ ვგრძნობდით უკვე 2020-დან მოყოლებული, 2022-ში ეს უკვე გამოჩნდა, რასთან გვქონდა საქმე. ეს კანონი სწორედ იმიტომაც არის გეოპოლიტიკური, რომ ჩანდა ეს არის გავლენებისთვის ბრძოლა, რომ ეს არის სხვა ქვეყნების და ხალხის მთავრობებზე გავლენების მოპოვების იარაღი და ინსტრუმენტი – უცხოური დაფინანსება და სწორედ ეს იყო, რაც უნდა გამოემჟღავნებინა ამ კანონს. ამიტომ, მოდით თანამედროვეობას შევხედოთ და თვალი გავუსწოროთ, დავინახოთ არა მხოლოდ ხეები, არამედ ტყე, რომელიც ასე ხილული არის უკვე დღესდღეობით“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
