ევროკავშირის ელჩები კიევისთვის რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის დასაფინანსებლად 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხზე შეთანხმდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, კვიპროსმა გაავრცელა.
„ახალი დაფინანსება ხელს შეუწყობს ქვეყნის მტკიცე მდგრადობის უზრუნველყოფას რუსული აგრესიის პირობებში“, – აღნიშნა კვიპროსის ფინანსთა მინისტრმა, მაკის კერავნოსმა თავის განცხადებაში.
ამ სესხის გარეშე უკრაინა აპრილისთვის ფულადი სახსრების ამოწურვის საფრთხის წინაშე იდგა, რაც კატასტროფული იქნებოდა მისი საომარი ძალისხმევისთვის და შესაძლოა დაეზიანებინა მისი პოზიციები რუსეთთან მიმდინარე, ამერიკის მიერ მხარდაჭერილ სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
ევროკავშირის კანონმდებლებს ჯერ კიდევ აქვთ გადასალახი გარკვეული დაბრკოლებები, მაგალითად, იმ პირობებზე შეთანხმება, რომელიც უკრაინამ თანხის მისაღებად უნდა დააკმაყოფილოს, სანამ ბრიუსელი სესხის დასაფინანსებლად გლობალურ სავალო ბაზარზე სახსრების მოზიდვას შეძლებს – აღნიშნული სესხი ევროკავშირის შვიდწლიანი ბიუჯეტითაა გარანტირებული.
ევროკავშირის ქვეყნებს შორის დავის ერთ-ერთი მთავარი საგანი იყო ის, თუ როგორ შეძლებდა უკრაინა ამ ფულის დახარჯვას და ვინ მიიღებდა სარგებელს. თანხის ერთი მესამედი ჩვეულებრივი საბიუჯეტო საჭიროებებისკენ მიიმართება, ხოლო დანარჩენი ნაწილი – თავდაცვისკენ.
ახლა, როდესაც ელჩებმა შეთანხმებას მიაღწიეს, ევროპარლამენტმა უნდა განიხილოს ცვლილებები, რომლებიც საბჭომ შეიტანა საკანონმდებლო ტექსტში, სანამ ამ ზომას საბოლოოდ დაამტკიცებს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, კიევი მიმდინარე წელს ევროკავშირისგან 45 მილიარდ ევროს ტრანშების სახით მიიღებს, დარჩენილ თანხას კი – 2027 წელს.
უკრაინა თანხას მხოლოდ იმ შემთხვევაში დააბრუნებს, თუ მოსკოვი სრულმასშტაბურ აგრესიას შეწყვეტს და ომის რეპარაციებს გადაიხდის. რუსეთის უარის შემთხვევაში, ევროკავშირი განიხილავს კრემლის იმ გაყინული აქტივების გამოყენებას, რომლებიც ბლოკის მასშტაბით ფინანსურ ინსტიტუტებშია განთავსებული.
