ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი გამოეხმაურა ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან კრიტიკას, რომელიც უკავშირდება ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, აკრძალოს სოციალური ქსელები 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
„დაე, ტექნო ოლიგარქებმა იყეფონ, სანჩო, ეს ნიშანია, რომ ჩვენ ცხენზე ვსხედვართ“, – დაწერა პედრო სანჩესმა სოციალურ ქსელ „იქსში“.
ცნობისთვის, 3 თებერვალს ესპანეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში აიკრძალება სოციალური ქსელები 16 წლამდე ბავშვებისთვის. სანჩესმა ასევე დააანონსა სხვა ზომებიც, რომლებიც მიმართულია ციფრულ პლატფორმებზე კონტროლის გასაძლიერებლად. ესპანეთში იგეგმება კანონის მიღებას, რომელიც სოციალური მედიის მფლობელებს სიძულვილის ენის დაშვების შემთხვევაში პასუხისმგებლობას დააკისრებს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, მომავალ კვირაში წარადგენს კანონპროექტს, რომელიც სოციალური მედიის აღმასრულებლებს პასუხისმგებლობას დააკისრებს უკანონო და სიძულვილის ენის შემცველი კონტენტისთვის, ასევე, ალგორითმული მანიპულირებისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი, რომელმაც თქვა, რომ ესპანეთის გადაწყვეტილება იქნება პრეცედენტი, რათა ხელისუფლებებმა სოციალური ქსელის ყველა მომხმარებლის პირადი მონაცემები მოიპოვონ და ეს შესაძლოა, გამოყენებული იყოს ინსტრუმენტად ოპოზიციის დევნისთვის. ესპანეთის გადაწყვეტილება ასევე გააკრიტიკა სოციალურ ქსელ „იქსის“ მფლობელმა, ილონ მასკმაც. მან პედრო სანჩესს ფაშისტი და ტოტალიტარი უწოდა.
როგორც ცნობილია 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის შესაძლებლობას განიხილავს ასევე დიდი ბრიტანეთი და დანია.
