“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” განცხადებას “ქართული ოცნების” წევრები პასუხობენ. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის თქმით, ხელისუფლება მზად არის ნებისმიერ საკითხზე იდებატოს.
“დებატების მედია სივრცეში დაბრუნებას სწორედ ის მიზანი გააჩნია, რომ ღია და ჯანსაღ მსჯელობაში გამოჩნდეს მტყუან-მართალი, მოხდეს შესაბამისი აზრის მიწოდება საზოგადოებისთვის და არგუმენტების გაცვლა. ნებისმიერ საკითხზე, იქნება ეს “ნეიტრალური საქართველოს” განცხადება თუ კონკრეტული მოწოდება, ხელისუფლება არის მზად იდებატოს ჯანსაღ მედია გარემოში, რაც არის აუცილებელი წინაპირობა დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის,” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” განცხადებას ავრცელებს. პარტია წერს, რომ ბოლო დროს საზოგადოებაში სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა – არის თუ არა მართებული და თავსებადი ეროვნულ ინტერესებთან ის საგარეო კურსი, რომელიც ხელისუფლებას აქვს არჩეული და კონსტიტუციური ჩანაწერით გამყარებული? – “ნეიტრალური საქართველო” მიმართავს იმ მაუწყებლებს, სადაც დებატები დაიწყო, მათ შორის, “რუსთავი -2-ს”, გაუწიოს ორგანიზება დებატებს საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.
“ვიდრე თავს არ დავაღწევთ ევროინტეგრაციის ილუზიას, დამშვიდება არ უწერია ქვეყანას, მზად ვართ, დებატებში დავამტკიცოთ დღევანდელი საგარეო პოლიტიკის მავნებლობა,” – აცხადებენ პარტიაში.
