სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ვასილ კვერნაძის განცხადებით, ამ მომენტისთვის „დანონის“ პროდუქციის კონკრეტული პარტიების ქსელში განთავსების ფაქტი არ გამოვლენილა. მისივე თქმით, მანამდე წარმოებული სურსათის ამოღება-გამოთხოვის პროცესს ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო უწევს.
„სურსათის ეროვნულ სააგენტოში „დანონის“ ბავშვთა კვების იმპორტიორი კომპანიისგან შემოვიდა შეტყობინება პროდუქციის კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია უკავშირდება ევროკავშირის ქვეყნებში ცერეულიდის ტოქსინის ზღვრის შემცირებას. კონკრეტული ნორმის ძალაში შესვლის შემდგომ, მანამდე წარმოებული სურსათის ამოღება-გამოთხოვას ახორციელებს კეთილსინდისიერი ბიზნეს ოპერატორი, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობას უწევს, აღნიშნული პროცესი დაწყებულია. ამ მომენტისთვის აღნიშნული პარტიის ქსელში განთავსების ფაქტი არ გამოვლენილა“, – აცხადებს კვერნაძე.
როგორც მულტინაციონალური კომპანია დანონის „ნუტრიციის“ ბრენდის პროდუქტების იმპორტიორმა საქართველოში – კომპანია „ჯისის წარმომადგენელმა ლაშა გოცირიძემ განაცხადა, ამოღებული პროდუქცია დაილუქება, შემდეგ კი მისი უტილიზაცია მოხდება.
„ამ წუთას ხდება ინვენტარიზაცია საწყობების, რომ სადმე არ იყოს გამორჩენილი. ეს პროდუქცია, რომელიც ამოღებას ექვემდებარება, ცალკე დაილუქება და შემდეგ მოხდება მისი უტილიზაცია კანონმდებლობის შესაბამისად. ეს ინვენტარიზაცია ხდება როგორც საწყობში, ასევე ყველა ქსელში“, – განაცხადა გოცირიძემ.
