არავის არაფერს ვუშლით, პროტესტის გამოხატვა აბსოლუტურად ნებადართულია და არ იზღუდება. რა სისულელეა ამაზე ლაპარაკი და ხაზგასმა. ვხედავთ, რა პოზიციები გააჩნია ოპოზიციას და დიქტატორული რეჟიმების პერიოდში კი რა პირობებში უწევთ თანაარსებობა ხელისუფლებასთან. პროტესტს არავინ უშლით. აქ საუბარია იმაზე, ხელოვნურად ნუ ქმნიან, ძალოვნებს პიროტექნიკას ნუ ესვრიან და კანონის ჩარჩოდან ნუ გავლენ, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გიორგი გამსახურდიამ.
მისივე თქმით, დღეს რომ პოლიციელები დასახიჩრებულები რომ არ არიან და მათი ღირსება ფეხქვეშ რომ არ არის გათელილი, ზუსტად ამ კანონმდებლობის და ამ სიმკაცრის დამსახურებაა.
გამსახურდიამ ასევე ისაუბრა ევროპული საბჭოს ლიდერებზეც.
„მათი ინტერესებია ხელისუფლების შეცვლა, მათდამი ლოიალური პოლიტიკური ძალების მოსვლა საქართველოს ხელისუფლებაში და მათ დღის წესრიგს რომ აჰყვეს საქართველო, რასაც იყვნენ სააკაშვილის დროს მიჩვეული. სააკაშვილს და შევარდნაძეს იმდენად უჭირდათ ქვეყნის შიგნით ლეგიტიმაცია, რომ მთლიანი რესურსი საზღვარგარეთ ჰქონდათ გადატანილი.
11 წელია ევროპაში ვცხოვრობ და წარმოუდგენელია მათ რეალობაში, რომ მთავრობის სხდომებს დიპლომატიური კორპუსი დაასწრონ. თქვენ წარმოგიდგენიათ, ჩვენი რომელიმე დიპლომატიური მისის წარმომადგენელი მიმღებ ქვეყანაში რომ გავიდეს აქციაზე. ჩვენს ქვეყანაში დიპლომატებიც ვნახეთ და საგარეო საქმეთა მინისტრებიც. სახელმწიფომ თავისი ფუნქცია წარმატებით წარმოაჩინა, თორემ ვნახავდით ზოგიერთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებსაც.
ეს ოპოზიცია არ არის თავის დღის წესრიგზე, ისინი არიან მოწოდებული, დაბეჭდილი კონვერტი მოსდით და ამის მიხედვით აქვთ განსაზღვრული თითოეული ნაბიჯი. ძალიან კარგად იციან რა არის სიმართლე, მაგრამ მათი დავალება ის არის, რომ ყველაფერი წარმოაჩინონ საპირისპიროდ“, – აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ.
