საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრა, პოზიტიურ მოვლენად შეაფასა.
კირცხალიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რაც გულისხმობს აშშ-სთან ახალი ფურცლიდან ურთიერთობების დაწყებისთვის მზადყოფნას, ყველასთვის კარგად არის ცნობილი.
“ცალსახად პოზიტიური მისასალმებელია და ძალიან პოზიტიური მოვლენაა, პოზიტიური მესიჯებია აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ძალიან კარგად არის ცნობილი ჩვენი საზოგადოებისათვის, მათთვის – ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება მზად არის თვისებრივად ახალი ურთიერთობებისთვის აშშ-სთან, ახალი ფურცლიდან ურთიერთობების დაწყებისთვის.” – აღნიშნა მან.
ირაკლი კიცხალიამ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ამერიკული მხარის მიერ იმის გაჟღერება, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის შემდეგ მათ საქართველოსთან მიმართებით მძიმე მემკვიდრეობა დახვდათ.
“ყველაზე მთავარია ის, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრების მხრიდან გაჟღერდა, რომ მათ დახვდათ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა არა უკვე ზოგადად – იმიტომ რომ მთელმა მსოფლიომ იცის, რა მემკვიდრეობა დახვდა ბაიდენის ადმინისტრაციის შემდეგ ახალ ადმინისტრაციას- არამედ, კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით. მთავარია ძალიან პოზიტიური და დადებითი ფაქტი. დანარჩენს დაველოდოთ, თუ როგორ განვითარდება ორ ქვეყანას – ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის, ურთიერთობები, როგორ აღდგება ის დაზინაებული ურთიერთობები, რომელიც დააზიანა წინა ადმინისტრაციამ, რაც, კიდევ ერთხელ, პირდაპირ და ხაზგასმით აღნიშნეს ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა.” – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
