პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომაზე დაინტერესდა, რა სხვაობაა კონკრეტული პროდუქციის მაღაზიის მიერ მწარმოებლისგან შესყიდულ ფასსა და მაღაზიის მიერ ამ პროდუქტის გასაყიდ ფასს შორის.
კვიჟინაძის თქმით, პროდუქციის ყიდვისას, მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ ერთ მხარეს წარმოებისთვის საჭირო 60 პროცენტია, ხოლო, მეორე მხარეს დაახლოებით 40 პროცენტი, რაც საჭიროა პროდუქტის მომხმარებლამდე მისასვლელად.
“მარტივი შეკითხვაა: თქვენ გაქვთ ფასი, რომლითაც გინდათ გაყიდოთ, დავივიწყოთ მაღაზია – გაქვთ ფასი, მაგალითად, 6 ლარი და 40 თეთრი, რომლითაც მზად ხართ გაყიდოთ. შემდეგ რომელიღაც მაღაზიას დაელაპარაკეთ, წაიღო ამ ფასად თუ სხვა ფასად და აღმოჩნდა, რომ იქ ეს იყიდება 11 ლარად, ამათ შორის რა არის სხვაობა, ამას ვკითხულობ. გამოდის თითქმის, ნახევარი.
ეს მაინტერესებს, იმიტომ, რომ მომხმარებელი როცა ყიდულობს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არის ერთ მხარეს 60 %, რომელიც მართლა წარმოებაა, რაც ჯდება თავისი მოგებით და არის მეორე მხარეს რაღაც ხარჯები, რომელიც გაყიდვას უკავშირდება – 40 % დაახლოებით ჯდება რომ ეს ყველაფერი მივიდეს მომხმარებლამდე. დანარჩენი, ტექნიკური საკითხებია, “ქეშბექით” დაბრუნდება თუ რა სახით დაბრუნდება.” – აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები, დღევანდელ სხდომაზე ადგილობრივი ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს ხვდებიან.
