დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ხორვატიის პირველმა ლედიმ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა სანია მუსიჩ მილანოვიჩმა საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე — „ჯანმრთელობა თანამედროვე ეპოქაში – ერთად ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის“.
ლექციის ფარგლებში, სანია მუსიჩ მილანოვიჩმა ისაუბრა თანამედროვე ეპოქის ჯანმრთელობის გამოწვევებზე, არაგადამდები დაავადებების პრევენციის მნიშვნელობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის აუცილებლობასა და სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის როლზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
შეხვედრა მიზნად ისახავდა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე. ასევე – მოწვეული სტუმრები და დარგის სპეციალისტები.
სანია მუსიჩი არის ექიმი-ეპიდემიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ზაგრების უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი კვებისა და ფიზიკური აქტივობის საკითხებში და ხორვატიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის რამდენიმე ეროვნული პროექტის ხელმძღვანელი. ვიზიტის ფარგლებში, ხორვატიის პირველი ლედი საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს, ცენტრის დირექტორ ირაკლი ფურცელაძესა და მის მოადგილე პაატა იმნაძეს შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ვიზიტი საქართველოსა და ხორვატიას შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი ინიციატივების განვითარებას ემსახურება, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
