ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის და იმისთვის, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები თვისობრივად გადაიტვირთოს, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.
მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრები და გამოსვლები შეაფასა და ევროკავშირი ორმაგ პოლიტიკურ სტანდარტებში დაადანაშაულა.
„ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ გვესაუბრებიან, არის შეხვედრები, მეორე მხრივ, გვაკრიტიკებენ. ეს არის ევროკავშირის პოლიტიკის კლასიკური მიდგომა – ორმაგი სტანდარტები, ორმაგი მიდგომა. ერთი მხრივ, ჩვენი დაკარგვა არ უნდათ, გვესაუბრებიან, ამავე დროს ისინი ცდილობენ, კრიტიკული განცხადებების რიტორიკა შეინარჩუნონ. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მათთან სასაუბროდ და ასევე, მზად ვართ იმისთვის, რომ ვაკრიტიკოთ.
ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში მოხდეს ისეთი უხეში ჩარევები, რომელიც ჩვენ ვნახეთ განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში. ისინი მიიღებენ ჩვენგან სიმართლეს, მიიღებენ ჩვენგან ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპულ და მკაცრ პოზიციას. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის და იმისთვის, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები თვისობრივად გადაიტვირთოს“, – განაცხადა გაბუნიამ.
