შავ ზღვაზე დაისვენებს მათი ელჩი ზაფხულში თუ სევანის ტბაზე, ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს და არც დანარჩენი მსოფლიო წესრიგისთვის, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა ესტონეთის ელჩის სომხეთში გადაყვანასთან დაკავშირებით.
გიორგობიანის თქმით, „ვიზალიბერალიზაციის უკვე ძალიან ამორტიზებული და გაცვეთილი თემა არ მუშაობს და მსგავსი ნაბიჯებით ცდილობენ ვითომ რაღაც იმიჯი დაუზიანონ ქვეყანას, თუმცა ეს საქართველოს ღირსებას ვერაფერს ავნებს“.
„ეს ისეთი ნაბიჯია, არის ერთი ქართული ანდაზა, რომელსაც თავიდან ბოლომდე არ გავიმეორებ, მაგრამ ჩვენ მათგან მოქნეული წიხლიც ნუ გვეწყინება, ვინაიდან ეს უკვე ადამიანის სახე დაკარგული ქვეყნები არიან და მათგან გადადგმული მსგავსი ნაბიჯი საქართველოს ღირსებას არ შეურაცხყოფს. შეუძლიათ გაიწვიონ საქართველოდან საკუთარი ელჩი და მან განაგრძოს თავისი ღირსეული მოღვაწეობა ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში. ეს რაიმე პრობლემას ჩვენ არ გვიქმნის“, – აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.
როგორც ცნობილია, ესტონეთს საქართველოდან ელჩი სომხეთში გადაჰყავს, თბილისში კი დროებით რწმუნებულს ტოვებს.
