მესამე გამოსვლა – ნული არგუმენტი, – ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებში განათლების ექსპერტ ლიკა ღლონტს.
მთავრობის მეთაურის თქმით, არგუმენტს აქვს კლასიკური გაგება და ოპონენტების მხრიდან საკითხთან დაკავშირებით ვერანაირი არგუმენტი ვერ მოისმინა.
„მე იმას კი არ გეუბნებით, რომ თქვენი არგუმენტი მომწონს, ან არ მომწონს. იმას გეუბნებით, რომ არგუმენტს არ ამბობთ. არგუმენტს აქვს კლასიკური გაგება და თქვენ არგუმენტს არ ამბობთ. არგუმენტი, მაგალითად, რა არის გეტყვით – მე, როდესაც ვამბობ, რომ მწირი რესურსი გვაქვს და ამ მწირ რესურსს სჭირდება ოპტიმალური გამოყენება, ეს არის არგუმენტი. შეიძლება არ მოგეწონოთ ჩემი არგუმენტი და უნდა დაუპირისპიროთ თქვენი არგუმენტი, მაგრამ თქვენ არგუმენტი არ გაქვთ. თქვენ ვერ გაიგეთ, რა ვთქვი, იმედია, აკუსტიკურად ვერ გაიგეთ და არა არსებითად. თქვენ თქვით, რომ მე ვსაუბრობდი 90-იანი წლების ნოსტალგიაზე. რატომ გეუბნებით, რომ ვერ გაიგეთ, თან განათლების ექსპერტი ბრძანდებით, არ მინდა, სხვა რამეში გადავიდე, მაგრამ, მე ვთქვი, რომ პრობლემების სათავე იყო 90-იანებიდან, როგორ არის ეს 90-იანების ნოსტალგია? ივანე ჯავახიშვილის დროში დაბრუნება გვინდა, რაც საბჭოთა პერიოდი იყო ასევე, მაგრამ რა შუაშია საბჭოთა ნოსტალგია? ლოგიკურად უნდა იმსჯელოთ, ისეთი რამე არ უნდა თქვათ, რაც აბსურდია. როცა თქვენ ამბობთ, რომ 90-იანი წლების ნოსტალგია, ან საბჭოთა პერიოდის ნოსტალგია გვალაპარაკებს, ეს არის აბსურდი. რატომ არის აბსურდი იცით? არც საბჭოთა პერიოდის ნოსტალგია გვაქვს და არც 90-იანების. მე ვთქვი ერთი რამ, რომ ივანე ჯავახიშვილმა დააფუძნა თსუ და დააფუძნა საუნივერსიტეტო სისტემა ამ ქვეყანაში 1918 წელს, მაგრამ შემდეგ მოღვაწეობა განაგრძო საბჭოთა პერიოდში. მე, როდესაც ნოსტალგიით ვიხსენებ თუნდაც 1922 ან 1923 წელს, 1926 წელს, ვიდრე ივანე ჯავახიშვილი რექტორი იყო სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეს ხომ არ ნიშნავს ნოსტალგიას. ამიტომ ლოგიკურ დასკვნას სჭირდება გონივრული, სწორი წანამძღვრები და თქვენ სხვა რამეს ამბობთ. 90-იან წლებზე როგორ ამბობთ, როდესაც 90-იანი წლები მე მოვიხსენიე, როგორც პრობლემების სათავე. საზოგადოება იმსჯელებს იმაზე, რამდენად მართებული იყო გზავნილი,“- აღნიშნა პრემიერმა.
