უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უნგრეთისთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე პუტინი.
„ჩვენ უნდა შევეჩვიოთ აზრს, რომ მათ, ვისაც თავისუფლება უყვართ, უნდა ეშინოდეთ არა აღმოსავლეთის, არამედ ბრიუსელის“,- განაცხადა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას, ბუდაპეშტი.
მისი თქმით, „პუტინით დაშინების გაღვივება პრიმიტიული და არასერიოზულია“, ხოლო ბრიუსელი „პირდაპირი საფრთხის წყაროა“.
ორბანმა ევროკავშირის ხელმძღვანელობა დაადანაშაულა აპრილში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე მისი მთავარი მეტოქის — პარტია „პატივისცემა და თავისუფლების“ (TISZA) ლიდერის, პეტერ მადიარის მხარდაჭერაში.
უნგრეთის პრემიერის მტკიცებით, ამ ოპოზიციური პარტიის პოპულარობის ზრდის უკან დგანან ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერი მანფრედ ვებერი, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
„სრულიად აშკარაა, რომ უნგრეთში ნავთობბიზნესი, ბანკირები და ბრიუსელის ელიტა ემზადებიან მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. მათ უნგრეთში სჭირდებათ ვინმე, ვინც ბრიუსელის მოთხოვნებს არასდროს ეტყვის „არას“. ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ ჩვენი ნამდვილი მოწინააღმდეგეები არიან არა უნგრული ოპოზიციური პარტიები, არამედ მათი პატრონები ბრიუსელში“, – განაცხადა ორბანმა.
ცნობისთვის, ორბანი პირველად არ გამოთქვამს სკეპტიკურ დამოკიდებულებას ევროკავშირის ხელმძღვანელობის მიმართ. მისი მთავრობა არაერთხელ გამოვიდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ბუდაპეშტმა არაერთხელ დაბლოკა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება და უკრაინისთვის დახმარების გამოყოფა.
