სუვერენიტეტი გავაძლიერეთ, თავისუფლები ვართ, შიდა საქმეებში უცხო გავლენებს არ ვახედებთ, მოქალაქეები სიკვდილს გადავარჩინეთ, დღეს უკრაინისთვის, უკრაინელი ხალხისთვის მძიმე დღეა და მათ მშვიდობას ვუსურვებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, უკრაინა-რუსეთის ომმა უამრავი ადამიანი შეიწირა, გაანადგურა ქალაქები, ფაქტობრივად, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.
„ტრაგედიაა, რაც უკრაინაში ტრიალებს. მაშინაც ვამბობდით და ზუსტად იგივე პოზიციაზე ვართ, რომ ეს ომი არ უნდა მომხდარიყო. ამერიკის პრეზიდენტიც იმავეს ამბობს – დიახ, ამ ომის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო. შიდა უსამშობლოების გამოყენებით, საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა იყო. ეს რა უბედურებას და ტრაგედიას მოგვიტანდა? არც სუვერენიტეტი გვექნებოდა, არც თავისუფლება. რაც მთავარია, ქვეყნის ნახევარზე მეტ ტერიტორიას დავკარგავდით. ყველაზე დიდი უბედურება თანამოქალაქეების დაკარგვა იქნებოდა. ქვეყანა სწორედ ამას ავარიდეთ. კარგი ამინდი იყო თურმე და ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით უნდა გაგვესეირნა, ამას მოგვიწოდებდნენ; თურმე ჩვენ უკრაინას უნდა შევხიდებოდით და ჯარი ამოგვექოქა. ელჩი, რომელიც ჩვენს პრემიერ-მინისტრს აშანტაჟებდა, რომ ჯარი აფხაზეთში შეეყვანა, სად არის ახლა, რიტორიკა შეცვალეს, ხომ? მიხვდნენ, რომ იგივეს გამეორება არამომგებიანია? საქართველო პრაგმატულ და მშვიდობის პოლიტიკას ატარებს, რასაც შედეგი მოჰყვა. სუვერენიტეტი გავაძლიერეთ, თავისუფლები ვართ, შიდა საქმეებში უცხო გავლენებს არ ვახედებთ, მოქალაქეები სიკვდილს გადავარჩინეთ. დღეს უკრაინისთვის და უკრაინელი ხალხისთვის მძიმე დღეა და მათ მშვიდობას ვუსურვებ“, – აღნიშნა ზარქუამ.
