წინა ამერიკელი ლიდერები ძალიან სუსტები და მშიშრები იყვნენ, რომ რამე გაეკეთებინათ ირანთან დაკავშირებით, ახლა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ათწლეულების განმავლობაში არსებულ სიმხდალეს ასწორებს და ამერიკელების სიკვდილში პასუხისმგებელ პირებს პასუხს აგებინებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი სოციალურ ქსელში წერს.
ამასთან, ლევიტი აცხადებს, რომ აშშ-ს ირანში მიმდინარე იერიშების დროს რამდენიმე ძირითადი მიზანი აქვს.
„შაბათს, პრეზიდენტმა ტრამპმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამერიკელი ხალხისთვის ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ მიზნები ჩამოაყალიბა. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო – ირანის რეჟიმის რაკეტებისა და მათი სარაკეტო ინდუსტრიის განადგურება, ირანის რეჟიმის საზღვაო ძალების განადგურება, იმის უზრუნველყოფა, რომ რეჟიმის ტერორისტულმა ალიანსებმა ვეღარ შეძლონ რეგიონის ან მსოფლიოს დესტაბილიზაცია და ჩვენს ძალებზე თავდასხმა. თვითნაკეთი მოწყობილობების ან ბომბების დამზადებასა და გამოყენების შეჩერება, რომლებმაც ათასობით ადამიანი, მათ შორის მრავალი ამერიკელი მძიმედ დაჭრა და იმსხვერპლა; გარანტია, რომ ირანი ვერასდროს მიიღებს ბირთვულ იარაღს. ამ რადიკალური რეჟიმისა და მისი ტერორისტული ლიდერების ამერიკისა და ჩვენი ძირითადი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაშინების თავიდან აცილება მკაფიო და აუცილებელი მიზანია“, – წერს ის.
ამასთან, ლევიტის თქმით, აშშ-მა ირანის რეჟიმის 49 ლიდერი მოკლა. მისივე თქმით, აშშ ტერორისტების მოკვლას გააგრძელებს.
„ტერორისტების მოკვლა კარგია ამერიკისთვის. ირანის რეჟიმის 49 ყველაზე მაღალი რანგის ლიდერი, მათ შორის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ პირველი დარტყმების შედეგად უკვე აღიგავა პირისაგან მიწისა. საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია „შუაღამის ჩაქუჩით“ ირანის ძირითადი ბირთვული ობიექტები გაანადგურა, რეჟიმი სრულად იყო ერთგული ბირთვული პროგრამის აღდგენისა და უარი თქვა შეთანხმების დადებაზე, მიუხედავად თვეების განმავლობაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებებისა და პრეზიდენტ ტრამპის მთავარი მომლაპარაკებლების კეთილსინდისიერი ძალისხმევისა.
მარტივად რომ ვთქვათ, ტერორისტული ირანის რეჟიმი არ ეტყოდა „დიახს“ მშვიდობას.
47 წლის განმავლობაში ირანის რეჟიმი აქტიურად და განზრახ ხელს უწყობდა ამერიკელების მკვლელობას, სკანდირებდა „სიკვდილი ამერიკას“ და აფინანსებდა სხვა სისხლისმსმელ ტერორისტებს, რომლებიც ცდილობდნენ შეერთებული შტატების და მთელი დასავლური ცივილიზაციის განადგურებას. წინა ამერიკელი ლიდერები ძალიან სუსტები და მშიშრები იყვნენ, რათა რამე გაეკეთებინათ. ახლა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ათწლეულების განმავლობაში არსებულ სიმხდალეს ასწორებს და ამერიკელების სიკვდილში პასუხისმგებელ პირებს პასუხს აგებინებს. მათი სასტიკი თავდასხმები და მუქარა საბოლოოდ დასრულდება პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის დროს. ამერიკა გაიმარჯვებს – ტერორისტები დამარცხდებიან“, – წერს ის.
