ის არის ჭანჭიკი, დავალების შემსრულებელი, მრავალ აკაცუკთაგან ერთ-ერთი. ის ყოველთვის ყველაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნის დასაზიანებლად, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „ქრონიკასთან“ გიორგი კანდელაკის მისამართით.
დეპუტატი გამოეხმაურა „ჰადსონის ინსტიტუტის“ კვლევას.
„როდესაც სახელს და გვარს – გიორგი კანდელაკს გავიგებთ, პირველ რიგში გვახსენდება, როგორ იბრძოდა ჯერ კიდევ ევროკავშირთან ყოვლის მომცველი ხელშეკრულების გაფორმებამდე და შემდეგ ევროპული ინსტიტუციების დერეფნებში საქართველო დასანქცირებულიყო, ან არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ის არის ჭანჭიკი, დავალების შემსრულებელი, მრავალ აკაცუკთაგან ერთ-ერთი. ის ყოველთვის ყველაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნის დასაზიანებლად“, – აღნიშნა გორდულაძემ.
გიორგი კანდელაკის და ლუკ კოფის ერთობლივი კვლევა, სათაურით „საქართველოს ირანული შეტრიალება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს ამერიკის ძლიერ მოკავშირე ქვეყანაში“, ჰადსონის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა, სადაც ავტორები ცდილობენ ამტკიცონ, რომ საქართველოში ირანის გავლენები გაიზარდა.
