ევროპული კომისია ფიქრობს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარის შემცველი განცხადებები უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მისამართით არის მიუღებელი, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა, ოლოფ გილმა.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ზელენსკი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს არ უნდა ემუქრებოდეს.
„რაც შეეხება პრეზიდენტ ზელენსკის გამონათქვამს, ჩვენ, ევროპული კომისია მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ასეთი ლექსიკა მიუღებელია. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიმართ ასეთი მუქარები არ უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა გილმა.
მან აგრეთვე დასძინა, რომ მსგავსი ლექსიკა სიკეთის მომტანი არ არის და ის საერთო მიზნების მიღწევას ხელს არ უწყობს.
ცნობისთვის, გუშინ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ „ევროკავშირში ერთი ადამიანი არ დაბლოკავს 90 მილიარდს ან პირველ ტრანშს ამ 90 მილიარდიდან და უკრაინელ მეომრებს ექნებათ იარაღი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ბიჭებს მივცემთ – დაე, დაურეკონ მას და თავიანთ ენაზე ელაპარაკონ“.
