აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ბევრი შეხვედრა გვქონდა. შევხვდით როგორც კონგრესმენებს, ისე სენატორებს და ყველა შეხვედრა თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში გაიმართა, – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
დეპუტატმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა.
„ჩვენი დელეგაცია თითქმის ერთი კვირაა აშშ-ში, ვაშინგტონში იმყოფება. ამ ხნის განმავლობაში მონაწილეობა მივიღეთ სუვერენული ერების ალიანსში, რომელიც პომპეზურობით წარიმართა. აქ ესწრებოდნენ მაღალი რანგის პოლიტიკოსები, სენატორები, კონგრესმენები. ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხს როგორიცაა სიტყვის თავისუფლება. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში „იმედის“ და POSTV-ს დასანქცირების ფონზე, როგორი დიდი მნიშვნელობა შეიძინა ამ საკითხმა. ასევე საუბარი შეეხო ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, სადაც საქართველოს როლს ხაზი გაესვა.
ვიზიტის ფარგლებში ბევრი შეხვედრა გვქონდა. შევხვდით როგორც კონგრესმენებს, ისე სენატორებს და ყველა შეხვედრა თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში გაიმართა. ყველა შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და მომატებული რისკების ქვეშ დგას. გამოითქვა მზადყოფნა და დიდი სურვილი, რომ ჩვენი ურთიერთობები გადაიზარდოს ისეთ კონკრეტულ შედეგში, როგორიცაა ახალი პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება და ორივე მხარემ – ქართულმა და ამერიკულმა ხაზი გავუსვით იმის აუცილებლობას, რომ ეს პარტნიორობის თანამშრომლობა კონკრეტულ შედეგებს უნდა დაეფუძნოს“, – აღნიშნა სეფაშვილმა.
