პარლამენტის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ხვდება, რომ საქართველო არაფერ შუაშია იმ ნეგატიურ დამოკიდებულებაში, რაც არსებობდა და რომელიც ქვეყანასთან მიმართებაში ბაიდენის ადმინისტრაციამ შექმნა.
გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პირველ არხთან საუბარში ამერიკაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ გამართულ შეხვედრებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვიზიტი იმას ნიშნავს, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობების გადატვირთვა უკვე დაწყებულია.
დეპუტატის თქმით, რამდენიმე კვირის წინ ამერიკის შეერთებული შტატებიდან განცხადებები გაკეთდა იმის თაობაზე, რომ საქართველოსთან მიმართებაში ბაიდენის ადმინისტრაციამ ნეგატიური მემკვიდრეობა დატოვა.
„ეს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა. შესაბამისად, ჩვენი დელეგაციის ვიზიტი იმას ნიშნავს, რომ ის რეალობა ახსნადი და გამჭვირვალე გახდა, რაც იყო, სამწუხაროდ, ამერიკა-საქართველოს შორის. კარგია ის, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ხვდება, რომ საქართველო არაფერ შუაშია იმ ნეგატიურ დამოკიდებულებაში, რაც არსებობდა – ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში ნეგატიური დამოკიდებულება შეიქმნა. ჩვენ მზად ვართ, რომ ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობებში პოზიტიური ნაბიჯები იყოს გადადგმული. ეს ვიზიტი იმას ნიშნავს, რომ პროცესი დაწყებულია. ჩვენი ელჩის ამერიკაში გააქტიურება პარტნიორული ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებას ნიშნავს, რაც მისასალმებელია. რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, „ნაცმოძრაობა“ ლანძღავდა და ლანძღავს. მათი აზრით, ტრამპი რუსული პროექტია. გვარამიათი დაწყებული, „ენჯეოებით“ დასრულებული, დონალდ ტრამპს ლანძღავდნენ და არ მგონია, ახალ ადმინისტრაციასთან პოზიტიური დამოკიდებულება გაუხარდეთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
