აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პირად საუბრებში ამბობს, რომ ის ირანში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შეყვანით არის დაინტერესებული. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
რამდენიმე წყარომ ტელეარხს დაუდასტურა, რომ ტრამპი ქვეითი ჯარისკაცების გაგზავნის იდეას თავის თანაშემწეებთან და „რესპუბლიკური“ პარტიის წარმომადგენლებთან თეთრი სახლის ფარგლებს გარეთ განიხილავდა.
საუბრებში ის ომის შემდგომი ირანის საკუთარ ხედვას ვიწრო წრეს უზიარებდა. მისი ხედვის თანახმად, ირანული ურანი უსაფრთხო იქნება, ხოლო აშშ და ახალი ირანული რეჟიმი ნავთობის მოპოვების სფეროში ითანამშრომლებენ ისე, როგორც ეს ვენესუელასთან დაკავშირებით ხდება.
ამასთან ერთად, თეთრი სახლის ლიდერი ფიქრობს, რომ ირანში ფართომასშტაბიანი სახმელეთო შეჭრა საჭირო არ იქნება. ის ემხრობა იდეას, გააგზავნოს პატარა კონტინგენტი, რომელიც კონკრეტული სტრატეგიული მიზნების მიღწევაზე იქნება კონცენტრირებული.
წყაროები ამბობენ, რომ ტრამპს ირანში შეჭრის შესახებ არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია და ბრძანებაც არ გაუცია.
