ირანში ახალი უზენაესი ლიდერის არჩევის შესახებ განაცხადეს, თუმცა მისი ვინაობა არ გაუმხელიათ. მოკლული აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრის შესახებ გადაწყვეტილება 88 შიიტი ღვთისმეტყველისგან შემდგარმა „ექსპერტთა საბჭომ“ მიიღო.
საბჭოს რამდენიმე წევრის განცხადებას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს. ამასთან, რესპონდენტებმა უარი თქვეს დაეკონკრეტებინათ, თუ ვინ აირჩიეს ახალ ლიდერად. საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა მიანიშნა, რომ საუბარია ალი ხამენეის ვაჟზე – მოჯთაბაზე, იტყობინება სააგენტო AFP.
მანამდე გავრცელდა ცნობები, რომ ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების ინფორმაციით, მოჯთაბა ხამენეი შესაძლოა, გასულ კვირას განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაიჭრა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა 8 მარტს გაიმეორეს პირობა, რომ დევნას დაუწყებენ ნებისმიერ პირს, რომელიც ალი ხამენეის მემკვიდრე გახდება ირანის უზენაესი ლიდერის პოსტზე. ამ თანამდებობაზე არჩეული პირი მას სიცოცხლის ბოლომდე იკავებს.“
