ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” ხელმძღვანელობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
“უდიდესი გულისტკივილით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოსთვის უმძიმესი დანაკარგის – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
მისი უწმინდესობა ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს და ისტორიულად გადამწყვეტ პერიოდში ჩაუდგა სათავეში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და იქცა არა მხოლოდ სულიერ ლიდერად, არამედ ერის მამად, გამაერთიანებელ ძალად და იმედის სიმბოლოდ.
ილია II-ის ღვაწლით აღდგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, აღდგა და აშენდა არაერთი ტაძარი და მონასტერი, განმტკიცდა სარწმუნოება და ქართული ეროვნულ-კულტურული იდენტობა.
მისი ინიციატივით დამკვიდრდა საყოველთაო ნათლობა, რომელმაც ათასობით ოჯახი დააკავშირა ეკლესიასთან და ერთმანეთთან.
ილია II იყო პატრიარქი, რომელსაც უპირობოდ უყვარდა თავისი ერი და ერი, თავის მხრივ, უსაზღვრო სიყვარულით პასუხობდა. მთელი საქართველო ლოცულობდა მისი ჯანმრთელობისთვის. უწმინდესის სიტყვა იყო ნუგეში, ხოლო მისი ლოცვა – ძალა და იმედი.
ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და სრულიად საქართველოს.
უფალმა ნათელში დაამკვიდროს ჩვენი პატრიარქის უკვდავი სული.
ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” ხელმძღვანელობა”, – ნათქვამია “ჯორჯიან ეარვეისის”განცხადებაში.
