სამგორის რაიონში, ვარკეთილის მრავალფუნქციური ცენტრის ტერიტორიაზე გარე მოედნები მოეწყო. ტერიტორიაზე განთავსდა ჰარდის ტიპის ჩოგბურთის ორი კორტი, 7×7 ფეხბურთისა და პადელის მოედნები, ასევე მცირე სკეიტზონა ბავშვებისთვის.
სპორტული ინფრასტრუქტურა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოადგილეებთან – ირაკლი ბენდელიანსა და ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა.
„ვარკეთილის დასახლებაში რამდენიმე ხნის წინ მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დავასრულეთ. ცენტრი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, ფაქტობრივად, სრულად დატვირთულია. ჩვენ მაშინვე დავაანონსეთ, რომ ირგვლივ არსებულ ტერიტორიაზე მოეწყობოდა სპორტული ინფრასტრუქტურა. დღეს სამუშაოები დასრულებულია. პროექტის ფარგლებში გაკეთდა ჩოგბურთის ორი მოედანი, ასევე, პადელისა და ფეხბურთის მოედნები. აღნიშნული ინფრასტრუქტურა 1-ელი აპრილიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და დარწმუნებული ვარ, ძალიან დატვირთული იქნება. დარჩენილია გამწვანების სამუშაოები და ეს პროექტიც უახლოეს მომავალში განხორციელდება. მიხარია, რომ სამგორის რაიონში ასეთი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ. მთავარია, რომ სპორტული ცენტრი – საცურაო აუზები, საჭიდაო დარბაზები, ტანვარჯიშის დარბაზი თუ სატრენაჟორო სივრცე სრულად დატვირთულია. გარდა ამისა, კვირის კონკრეტულ დღეებსა და საათებში 60 წლის და მეტი ასაკის ადამიანებს ცენტრით სარგებლობა უფასოდ შეუძლიათ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
გარდა ამისა, ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყო გარე განათებისა და სარტყავი სისტემები, დამონტაჟდა უსაფრთხოების კამერები და, ადგილობრივი გამგეობის დახმარებით, გარე პერიმეტრზე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა.
ცენტრის მშენებლობის პროექტს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ახორციელებს, გარე მოედნის მოწყობის სამუშაოების ღირებულებამ კი 2,8 მილიონი ლარი შეადგინა.
ადგილზე მერთან ერთად კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვაჟა კოკაია იმყოფებოდნენ.
