სამეცნიერო სტარტაპებისა და პროექტების დასაფინანსებლად ევროკავშირის მიერ გამოყოფილი სახსრების უკანონოდ მიღების ეჭვის საფუძველზე, ჩეხეთის პოლიციამ 7 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ორი თანამშრომელი და მშენებლობის ზედამხედველობის უწყების ჩინოვნიკი. ევროპის პროკურატურის (EPPO) განცხადებით, ეჭვმიტანილები 13.5 მილიონი ევროს უკანონოდ მიღებას ცდილობდნენ.
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ჩეხეთის ეროვნული ცენტრის (NCOZ) ოფიცრები, ოთხშაბათი დილიდან, ქალაქ ბრნოს სამშენებლო ზედამხედველობის ოფისში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, რაც პრეს-სპიკერმა ფილიპ პონიუხალეკმაც დაადასტურა. „შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩეხეთის პოლიცია მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურში დოკუმენტებს ამოწმებს. ამ საკითხზე მეტს ვერაფერს ვიტყვით. ოფისის მუშაობა შეზღუდული არ არის“, – აღნიშნა პონიუხალეკმა.
ევროპის პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციამ 13 ჩხრეკა ჩაატარა, მათ შორის – მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს შენობებში. ოთხშაბათ დილით, ორლის ქუჩაზე, ბრნოს მერიასთან, პოლიციის სანომრე ნიშნიანი ავტომობილი იყო გაჩერებული.
დანაშაულში ეჭვმიტანილებმა ორ მილიონ ევროზე მეტი მიიტაცეს
ევროპის პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება ოპერაციული პროგრამის – „საწარმოთა კონკურენტუნარიანობა და ინოვაცია“ – ფარგლებში, კვლევითი დაწესებულებების შენობების რეკონსტრუქციისთვის გამოყოფილ სუბსიდიას. კრიმინალური პოლიციის გამომძიებლები ეჭვობენ, რომ ბიზნესმენები მაღალი რანგის საჯარო მოხელეებთან კავშირებს თავისი ორი კომპანიისთვის სუბსიდიების გამოყოფისთვის იყენებდნენ.
EPPO-ს განცხადებით, მათ, სხვა ეჭვმიტანილებთან ერთად, მოამზადეს ყალბი ან დამახინჯებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაცია, რომელიც აღნიშნული პროგრამის კურატორს – მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს – წარედგინა.
ზედამხედველობის სამსახურის ჩინოვნიკი კრიმინალური ჯგუფის სასარგებლოდ ბოროტად იყენებდნენ სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რადგან სუბსიდია მათი ჩართულობის გარეშე არ გაიცემოდა.
EPPO-ს მონაცემებით, ეჭვმიტანილები ცდილობდნენ დაახლოებით 340 მილიონი ჩეხური კრონის (დაახლოებით 13.86 მილიონი ევრო) ოდენობის სუბსიდიის მიღებას, საიდანაც მათ დაახლოებით 123 მილიონი კრონა (დაახლოებით 5.01 მილიონი ევრო) უკვე გადაერიცხათ. ჩხრეკისას დეტექტივებმა 2 მილიონ ევროზე მეტი ნაღდი ფული და უძრავი ქონება ამოიღეს.
https://ct24.ceskatelevize.cz/clanek/domaci/policie-zadrzela-sedm-lidi-kvuli-podezreni-na-podvod-s-evropskymi-dotacemi-372154
