ვარაუდობენ, რომ ირანის დელეგაცია მოლაპარაკებებზე პაკისტანში დღეს საღამოს ჩავა.
ირანსა და ვაშინგტონს შორის ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან ერთი დღის შემდეგაც ზავი არაერთ კითხვის ნიშანს ბადებს. ისრაელი კვლავ აგრძელებს დარტყმებს ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ობიექტებზე. ლიბანის ჯანდაცვის უწყებების ცნობით, უკვე 180-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 800-ზე მეტი დაშავდა.
ლიბანზე თავდასხმების გამო, ირანმა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შესახებ განაცხადა.
ცეცხლის შეწყვეტა რის სანაცვლოდ? – ორკვირიანი ზავის გამოცხადებიდან ერთი დღის შემდეგ, ირანი და შეერთებული შტატები სულ უფრო მეტად ემსგავსებიან დიპლომატიის ენის „თარგმანში დაკარგულებს“.
ისრაელის განცხადებით, აგრძელებს ოპერაციას „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ, რადგან ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტა ლიბანზე არ ვრცელდება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაზავება ლიბანის ტერიტორიას არ ეხება.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა გააკეთა გამაფრთხილებელი განცხადება, რომ ირანზეა დამოკიდებული, დაირღვევა თუ არა ზავი ლიბანის გამო.
ჯეი დი ვენსი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: „ირანელებს ჰგონიათ, რომ ცეცხლის შეწყვეტა ლიბანსაც მოიცავს, მაგრამ ეს, უბრალოდ, ასე არ არის. ჩვენ ასეთი პირობა არასდროს დაგვიდია, არასდროს მიგვინიშნებია, რომ ასე იქნებოდა. ჩვენ მხოლოდ ის ვთქვით, რომ ცეცხლის შეწყვეტა ირანსა და ამერიკის მოკავშირეებს შეეხებოდა“.
ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ 10 წუთის განმავლობაში უტევდა ლიბანში არსებულ „ჰეზბოლას“ 100 ობიექტს. ეს შეტევები აღწერილია, როგორც ყველაზე მასშტაბური ბოლო წლების განმავლობაში.
ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი: „ყველა დასახული მიზანი ჯერ არ შეგვისრულებია. ჩვენ მივაღწევთ მათ ან შეთანხმების გზით, ან ახალი ბრძოლებით. მზად ვართ ნებისმიერ მომენტში დავუბრუნდეთ ბრძოლას – ჩვენი თითი სასხლეტზე რჩება“.
ისრაელის დარტყმების გამო, ირანი ზავის შეწყვეტით დაიმუქრა. ირანული მედია იუწყება, რომ ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაკეტილია და მასში მხოლოდ ნებადართული გემები გადიან. მათივე ცნობების თანახმად, სრუტის ცენტრალურ ნაწილში ჩადებული ნაღმების გამო, გემები მარშრუტების შესახებ სპეციალურ ინსტრუქციებს მიიღებენ.
თუმცა, თეთრი სახლი ირწმუნება, რომ გემები ჰორმუზის სრუტეში გავლას აგრძელებენ.
ქეროლაინ ლევიტი, თეთრი სახლის პრეს-სპიკერი: „ვადასტურებ პრეზიდენტის მოლოდინს, რომ ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ, სწრაფად და უსაფრთხოდ გაიხსნება“.
ზავის ირგვლივ არსებული დაძაბულობის მიუხედავად, თეირანსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებები მაინც გაიმართება. მოსალოდნელია, რომ ირანის დელეგაცია ისლამაბადში დღეს საღამოს ჩავა. აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს, გუნდში ასევე იქნებიან სპეციალური დესპანები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.
შეხვედრა, სავარაუდოდ, პაკისტანის დედაქალაქში მდებარე სასტუმრო „სერენაში“ გაიმართება, სადაც შესაბამისი მზადება უკვე მიმდინარეობს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსიხლეობისთვის ორდღიანი დასვენება გამოაცხადა. მიზეზი ოფიციალურად არ დასახელებულა, თუმცა პაკისტანში დასვენების დღეები ხშირად უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე ცხადდება.
https://bntnews.bg/news/izgubeni-li-sa-iran-i-sasht-v-ezika-na-diplomaciyata-1387697news.html
