სტრასბურგში დაფუძნებული ინსტიტუტის ინფორმაციით, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესრულებას უწევს მონიტორინგს, 4 მოსარჩელე პირი, რომლებიც წარმოშობით გვინეიდან, ანგოლიდან, კამერუნიდან და ჩინეთიდან არიან, ბელგიაში 2022 წელს ჩავიდა და საერთაშორისო დაცვა მოითხოვა.
რამდენიმე თვის განმავლობაში არ მოხდა საცხოვრებლით ან მატერიალური დახმარებით მათი უზრუნველყოფა, მიუხედავად იმისა, რომ ბელგიის სახელმწიფოს ამის გაკეთებას ბრიუსელის შრომითი დავების სასამართლოს საბოლოო განჩინება ავალდებულებდა.
„ისინი რესურსების გარეშე, სანიტარულ საშუალებებზე წვდომის გარეშე, საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების რაიმე საშუალების გარეშე და საკუთარი უსაფრთხოების მუდმივი შიშის ქვეშ, ზამთრის პირობებში, ქუჩაში ცხოვრობდნენ… პასუხისმგებლობა იმ მდგომარეობაზე, რომელშიც აღნიშნული პირები აღმოჩნდნენ, ბელგიის ხელისუფლებას უნდა დაეკისროს“, – დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ.
„პასუხისმგებლობა იმ მდგომარეობაზე, რომელშიც აღნიშნული პირები აღმოჩნდნენ, ბელგიის ხელისუფლებას უნდა დაეკისროს“
ამასთან, სასამართლომ აღიარა „ბელგიის ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, რომელიც მან დამატებითი საცხოვრებელი ადგილების შესაქმნელად, პერსონალის ასაყვანად და თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების განხილვის დროის შესამცირებლა გასწია“.
„თუმცა, დრო, რომელიც მოსარჩელეებთან დაკავშირებული და ადამიანის ღირსების დაცვისკენ მიმართული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას დასჭირდა, არ შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს“, – აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
მოსამართლეებმა ერთხმად დაასკვნეს, რომ ბელგიის სახელმწიფომ დაარღვია ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) და მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება).
ბელგიას მოუწევს ოთხი მოსარჩელისთვის 5 070-დან 12 350 ევრომდე თანხის გადახდა, სახელმწიფოს მიერ მათთვის „არამატერიალური ზიანის“ მიყენების გამო.
https://www.rtbf.be/article/la-belgique-condamnee-par-la-cour-europeenne-des-droits-de-l-homme-pour-avoir-laisse-des-migrants-a-la-rue-plusieurs-mois-11707338
