ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი სერიოზულად არის დაჭრილი სახესა და ფეხებში და დღემდე მკურნალობის კურსს გადის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მოჯთაბა ხამენეიმ დაზიანებები ირანში ომის დაწყების პირველ დღეებში მიიღო, როცა ამერიკელებმა და ისრაელის არმიამ მამამისის, აიათოლა ალი ხამენეის სახლი დაბომბეს. იმ დროს ის მამამისთან ერთად სახლში იმყოფებოდა. ავიადარტყმების შედეგად ალი ხამენეი გარდაიცვალა.
როგორც Reuters-ი სამ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, მოჯთაბა ხამენეის სახე დასახიჩრებულია. მას აგრეთვე ერთ ან ორივე ფეხზე სერიოზული დაზიანება აქვს მიღებული.
56 წლის მოჯთაბა ხამენეი მკურნალობის კურსს გადის, თუმცა აზროვნების უნარი დაკარგული არ აქვს. ის მკურნალობის პარალელურად აუდიოკონფერენციის რეჟიმში ირანის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს ესაუბრება და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას იღებს.
მოჯთაბა ხამენეის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. მას შემდეგ, რაც ის 8 მარტს ირანის ახალ უზენაეს ლიდერად აირჩიეს, არ იყო გამოქვეყნებული მისი არცერთი ფოტოსურათი, ვიდეოკადრი ან აუდიოჩანაწერი.
