არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი თამარ იარაჯული „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ აუტიზმის შეურაცხმყოფელ კონტექსტში გამოყენებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„აუტიზმით პოლიტიკურად ვინმეს დაკნინება სწორი გგონიათ?! წლები ჩავალიეთ ამ მხრივ ცნობიერების ამაღლებას. ანუ არ გვისმენდით. ხშირად თქვენი ტელევიზიით შუქდებოდა აუტიზმზე სიუჟეტები. მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსები თავს იმით იწონებენ, რომ ხშირად მშობლებზე კარგად ესმით აუტიზმის და თქვენ?! ძალიან ძნელია ყოველ ჯერზე ამის ახლიდან ლაპარაკი, რადგან თქვენ არ ხართ პირველი“, – წერს იარაჯული.
გვარამიამ მის მიერ ტერმინ „პოლიტიკური აუტიზმის“ გამოყენება სოციალურ ქსელში განმარტა და აღნიშნა, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების სტიგმატიზებასთან ამ შემთხვევას არავითარი კავშირი არ აქვს. მისი თქმით, ამიტომაცაა მიწერილი ზედსართავი „პოლიტიკური“ და თავად ტერმინი ჩასმულია ბრჭყალებში“, რაზეც იარაჯულმა უპასუხა, რომ „პრობლემაა ბრჭყალებში ჩასმულიც და ფრჩხილებშიც, აუტიზმის სალანძღავ სიტყვად გამოყენება არის ძალიან ცუდი ოჯახებისთვის და თავად აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის“.
