თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან და თბილისის ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად, თბილისის განახლებულ 76-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა და სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
„მიხარია, რომ ახალ სასწავლო წელს 76-ე საჯარო სკოლა მოსწავლეებს სრულად განახლებულ, თანამედროვე და კეთილმოწყობილ გარემოში ხვდება. ჩვენ დავათვალიერეთ ეს მთლიანად განახლებული შიდა სივრცეები და სპორტული მოედნები. აღსანიშნავია, რომ სკოლა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
ყველა მოსწავლეს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! თითოეულ მოსწავლეს ვუსურვებ წარმატებას, საინტერესო სასწავლო წელსა და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
სკოლის გახსნას მუნიციპალური განვითარებულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, პარლამენტის წევრები, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი მამუკა ხაბარელი და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე დაესწრნენ.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად სკოლაში სრულად განახლდა სასწავლო სივრცეები და კეთილმოეწყო გარე სივრცე. შენობას დაემატა ორი ახალი ფლიგელი. სკოლაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი. დამონტაჟდა ახალი საინჟინრო და უსაფრთხოების სისტემები.
შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი და პანდუსი. სკოლაში ასევე მოეწყო ორი გარე სპორტული მოედანი და შიდა სპორტული დარბაზი.
