შფოთვა, დეპრესია, მარტოობა – ლგბტქ+ პირები დახმარებას, ყველაზე ხშირად, აღნიშნული პრობლემების გამო ითხოვენ. მათი ფსიქიკური ჯანმრთელობა მყიფეა… ასეთია გენდერული და სექსუალური ორიენტაციის შესახებ უფასო, ანონიმური საინფორმაციო და დახმარების ხაზის, „ლუმის“ შეფასება. ეს სერვისი ფლანდრიაში (ბელგია) ფუნქციონირებს.
გასულ წელს „ლუმის“ ოფისში 1 255 ზარი შევიდა, რაც 2024 წელთან შედარებით 15%-ით მეტია. ამ მიმართვების დროს, ფსიქიკური ჯანმრთელობის თემა დომინირებდა – ადამიანები დახმარებას, უფრო ხშირად, შფოთვის, მარტოობისა და დეპრესიის გამო ითხოვდნენ. Çavaria-ს მონაცემებით, რომელიც „ლუმის“ დახმარების ხაზს უწევს ადმინისტრირებას, სუიციდის თემაზე საუბრების რაოდენობა გაორმაგდა.
ბოლო ერთ წელიწადში ასევე გაორმაგდა ძალადობისა და/ან დისკრიმინაციის შესახებ შეტყობინებების რაოდენობაც.
„გასულ წელს, სიტყვიერი და ფსიქოლოგიური ძალადობა გაოთხმაგდა. რაც შეეხება ფიზიკურ ძალადობას, მის შესახებ შეტყობინებები სამჯერ უფრო ხშირი იყო, ვიდრე წინა წელს“, – განმარტავს ივ არტს იაკობსი, რომელიც Cavaria-ს და ფლანდრიის ლგბტქ+ ასოციაციის წარმოამდგენელია.
„მე 1000 პროცენტით ჰომოფობი ვარ“
ფლანდრიისგან განსხვავებით, „ლუმის“ მსგავსი დახმარების ხაზი ვალონიაში არ არსებობს. ამიტომ, ვალონიის ლგბტქ+ ასოციაციების ფედერაცია, სახელწოდებით Prisme, რეგულარულად სტუმრობს ქვეყნის სამხრეთში არსებულ სკოლებს, სადაც ჰომოფობია და ტრანსფობია მზარდია.
„მსგავსი უკუკავშირი ადრე არ გვქონია“
„აქტივობების განხორციელებისას, რომლებსაც სკოლებსა და ახალგაზრდულ სექტორში ვატარებთ, ასევე ანონიმური უკუკავშირის დროს, რომელსაც ახალგაზრდებისგან ვიღებთ, თვალშისაცემია ბევრად უფრო მძაფრი რეაქციები, ვიდრე ადრე იყო. მაგალითად, პირდაპირ გვეუბნებიან: „მე 1000%-ით ჰომოფობი ვარ და ამით ვამაყობ“. მსგავსი უკუკავშირი ადრე არ გვქონია“, – ამბობს ვალონიის ლგბტქ+ ასოციაციების ფედერაციის კოორდინატორი, ერინ რობერტი.
ასეთი მძაფრი კომენტარები სასოწარკვეთას იწვევს ახალგაზრდების ნაწილში, განსაკუთრებით – ტრანსგენდერ პირებში: „ვალონიის შვიდი ცენტრი სთავაზობს ახალგაზრდებს ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის სერვისებს. ამ ცენტრებში საკმაოდ რთული სურათი იხატება, რადგან ახალგაზრდა ტრანსი ადამიანები ბევრ ძალადობასა და დისკრიმინაციას აწყდებიან“, – დასძენს ერინ რობერტი.
სოციალურ ქსელებში მასკულინისტური რიტორიკა პოპულარულია
Prisme-ს კოორდინატორის თქმით, ლგბტქ+ პირების მიმართ ძალადობის ზრდა მასკულინისტური მოძრაობების აღზევებით აიხსნება.
ახლახან შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის ჯანდაცვის მდივანმა დაანონსა ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ტრანსგენდერი ამერიკელებისთვის სქესის შეცვლისას მკურნელობაზე წვდომის დე-ფაქტო აკრძალვას იმ შტატებშიც კი, სადაც ასეთი სერვისი ლეგალურია. აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ასევე მხარი დაუჭირა აშშ-ის ადმინისტრაციის აკრძალვას, რომელიც „X“ სქესის ან დაბადების სქესისგან განსხვავებული სქესის მქონე პირებზე პასპორტების გაცემას შეეხება.
რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ამ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ გენდერი განსაზღვრა, როგორც წმინდა ბიოლოგიური და ბინარული საკითხი.
ერინ რობერტის შეფასებით, ასეთი საერთაშორისო კონტექსტი აძლიერებს ძალადობრივ დისკურსს ლგბტქ+ პირების მიმართ.
Prisme-ს კოორდინატორი დაასკვნის: „ზოგადად, შეინიშნება ჰომოფობიური განწყობების ზრდა, ასევე ქალთმოძულეობის (მიზოგინიის) და სექსიზმის შემაშფოთებელი მატება“.
https://www.rtbf.be/article/les-violences-envers-les-personnes-lgbtqia-en-hausse-en-flandre-la-wallonie-egalement-concernee-11707954
