ვილნიუსის მერმა, ვალდას ბენკუნსკასმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ლიეტუვის დედაქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობას ეწინააღმდეგება. მისი არგუმენტი ასეთია: მიგრაციული პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს მკაცრ კონტროლზე და არა რელიგიური ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე.
„ვილნიუსში ახალი მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგი ვარ. ეს არის ჩემი, როგორც ქალაქის ხელმძღვანელის პოზიცია“, – ნათქვამია ბენკუნსკასის მიერ თავისი ადმინისტრაციის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
„რელიგიის თავისუფლება ლიეტუვასა და ვილნიუსში ყოველთვის არსებობდა და მომავალშიც იარსებებს. ლიეტუვაში და ვილნიუსის შემოგარენში უკვე არის მეჩეთები. მიმაჩნია, რომ მიგრაციულ პოლიტიკაში პრიორიტეტი რეალური პრობლემების გადაჭრა და კონტროლის გამკაცრება უნდა იყოს და არა ახალი ობიექტების მშენებლობა“, – დასძინა მან.
ამჟამად ვილნიუსში მეჩეთი არ არის; დედაქალაქის მუსლიმი მოსახლეობა სათემო ცენტრებში ლოცულობს. ორი მეჩეთი მოქმედებს ვილნიუსის მახლობლად მდებარე სოფლებში – კეტურიასდეშიმტ ტოტორიუში (Keturiasdešimt Totorių) და ნემეჟისში, კიდევ ორი – კაუნასსა და რაიჟიაიში (ალიტუსის რაიონი).
ვილნიუსში ბოლო მეჩეთი XX საუკუნის 60-იან წლებში დაიხურა. მუსლიმთა თემის მცდელობები, რომ ახალი აშენებულიყო, ჯერჯერობით უშედეგოა.
ბენკუნსკასის კომენტარებს წინ უძღოდა მუფტიატის საბჭოს თავმჯდომარის, ალექსანდრას ბეგანსკასის კრიტიკა, რომელმაც მერის წინააღმდეგობის გამო უკმაყოფილება გამოხატა და აღნიშნა, რომ ახალი მეჩეთი ახალჩამოსულ მიგრანტებს უკეთ ინტეგრაციაში დაეხმარება.
„მიგრაციის დეპარტამენტის ყოველწლიური მონაცემები აჩვენებს, რომ ისლამური ქვეყნებიდან ჩამოსული ათასობით უცხოელი აქ მხოლოდ დროებითი ნებართვით ცხოვრობს, ხოლო მუდმივი ბინადრობის უფლების მიღებას მხოლოდ ასობით მათგანი ცდილობს. ასე, რომ, ვილნიუსის დროებითი მცხოვრებლებისთვის მეჩეთის აშენებას აზრი არ აქვს“, – მიიჩნევს ვილნიუსის მერი.
პარალელურად, მან მიგრაციის წესების გამკაცრებაც მოითხოვა და განაცხადა, რომ მოქმედი რეგულაციები საკმარისად არ უწყობს ხელს ინტეგრაციას.
„დროებითი ბინადრობის ნებართვის გასაგრძელებლად, დამსაქმებლის გარანტია საკმარისია. რეალური სტიმული არ არსებობს სახელმწიფო ენის შესასწავლად, რაც ქალაქის ცხოვრებაში ინტეგრაციისთვის ან მუდმივი ბინადრობის მოსაპოვებლად აუცილებელია“, – დასძინა მან.
ბენკუნსკასმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, გაამკაცროს მოთხოვნები, მათ შორის – ენის შესწავლა, მათთვის, ვინც ქვეყანაში უფრო დიდხანს რჩება.
2021 წლის აღწერის მიხედვით, ვილნიუსში დაახლოებით 600 მუდმივი მცხოვრებია იდენტიფიცირებული სუნიტ მუსლიმად, ხოლო მთელ ქვეყანაში – 2 000-ზე მეტი.
ვილნიუსში მეჩეთის აშენების შესახებ დისკუსიები სამ ათეულ წელზე მეტია გრძელდება; განიხილებოდა სხვადასხვა ლოკაცია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა და მშენებლობის ნებართვაც არ გაცემულა.
