მედიასაშუალება Maaleht-ის ინფორმაციით, ესტონეთში ერთადერთი მოქმედი მამათა მონასტერი, მსხვილი მეწარმის მხარდაჭერით, თანდათან ვითარდება და ძალას იკრებს.
ესტონეთში ფუნქციონირებს დედათა მონასტრები, მაგრამ აქამდე არ არსებობდა მოქმედი მამათა მონასტერი, თუმცა მდგომარეობა შეიძლება მალე შეიცვალოს — ახლად შექმნილი რელიგიური ნაგებობა, რომელიც რომაულ-კათოლიკურის ნაცვლად მართლმადიდებლურია, კონტურებს უკვე იძენს.
დღის განრიგი, რომელიც დილის 02 საათზე იწყება, თითქმის უწყვეტი ლოცვა, მწირი საკვები, მებაღეობა და სხვა საოჯახო საქმეები, საკანში განმარტოება – ვინ ისურვებს მართლმადიდებელი ბერის ცხოვრების მძიმე ტვირთის ტარებას?
თუმცა, ზუსტად ასეთი იქნება ცხოვრება კოჰილას მახლობლად (რაპლას მუნიციპალიტეტი), ჰაგერის დასახლებაში მდებარე სამონასტრო სახლში, რომელიც მეწარმე ურმას სოორუმაას მიერ ნაჩუქარ 7 ჰექტარ მიწაზეა აშენებული. მართალია, ის ჯერ კიდევ არ არის სრულფასოვანი მონასტერი და მხოლოდ ორი ბინადარი ჰყავს, მაგრამ, როგორც რელიგიური დაწესებულება, უკვე ფუნქციონირებს.
„ჩვენ ისე ვცხოვრობთ, როგორც ყველა სხვა. განსხვავება მხოლოდ სამოსში, მარხვის შენახვაში, დღის განრიგსა და მუდმივ ლოცვაში მდგომარეობს,“ – განუცხადა Maaleht-ს მამათა მონასტრის ახლადანიშნულმა წინამძღვარმა, ჰააფსალუს ეპისკოპოსმა დამასკინოსმა და დასძინა, რომ ეს ნაგებობა იქნება განმანათლებლობის გამომაცოცხლებელი ოაზისი ახლომდებარე ადგილებიდან თუ შორიდან მოსული სტუმრებისთვის.
მიუხედავად ბერძნული სახელისა და ჰააფსალუს ეპარქიის კუთვნილებისა, ეპისკოპოსი დამასკინოსი (ერისკაცობაში – იააკო ოლკინუორა) წარმომავლობით ფინელია, ლუთერანული წარსულით, რომელიც სულიერმა წყურვილმა ადრეულ ასაკშივე მიიყვანა ცნობილ ათონის მთამდე.
თეოლოგიის დოქტორმა და პროფესიონალმა მუსიკოსმა, ოლკინუორამ, ბერად აღკვეცამდე, ჯერ ბერძნული ენა ისწავლა, შემდეგ გახდა დიაკვანი, მღვდელი და ბოლოს ჰააფსალუს ეპისკოპოსად აკურთხეს.
ეპისკოპოს დამასკინოსთან ერთად, ომთაშორის პერიოდში აშენებულ და რესტავრირებულ ფერმაში კიდევ ერთი სასულიერო პირი, მამა პაისიოსი ცხოვრობს. თუმცა, იქ გაცილებით მეტი საცხოვრებელი ადგილია და არსებობს ეკონომიკური განვითარების გეგმებიც – სანთლებისა და საკმევლის წარმოება. ამ გეგმის ხორცშესხმის შემთხვევაში, ეს იქნება პირველი საწარმო მთელ ნორდიკულ რეგიონში, რომელიც საკმეველს გამოუშვებს.

ესტონეთის ოლიმპიური კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ურმას სოორუმაამ მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთი მონასტრის დაარსებას და მართლმადიდებლური კულტურული ცხოვრების აღორძინებას შესწირა. ბიზნესმენს ამ ადგილთან პირადული კავშირებიც აქვს – მისი წინაპრების მრავალი თაობა ჰაგერის ეკლესიასთან იყო დაკავშირებული, ხოლო ესტონეთის საბჭოთა ოკუპაციის დროს, სოორუმაას მამა, ერთ-ერთი „ტყის ძმა“ (Metsavennad), სწორედ ამ შენობის სარდაფში ემალებოდა ხელისუფლებას.
ეს ადგილი და მართლმადიდებლობა იმდენად ახლოსაა ბიზნესმენთან, რომ სოორუმაა, რომელიც ცოტა ხნის წინ ეპისკოპოს დამასკინოსთან ერთად ათონის მთას ეწვია, სულიერ საკითხებში იზიარებს მიდგომას „არასოდეს თქვა არასოდეს“: იგი უკვე დამტკიცებულია მართლმადიდებელ არქონტად – ეკლესიის საერო ადმინისტრატორად.
მონასტერს უკვე აქვს ფეისბუკ-გვერდი; ვებ-საიტი ჯერ კიდევ შექმნის სტადიაშია, ასევე იმედოვნებენ, რომ ზაფხულიდან სტუმრების მიღებასაც შეძლებენ – ამისთვის საჭიროა, ისინი წინასწარ დაუკავშირდნენ მონასტერს.
„ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, რამდენი ადამიანი მოვა ჩვენთან. სწორედ ეს აჩენს ყველაზე დიდ კითხვას“, – ამბობს ეპისკოპოსი დამასკინოსი.
ესტონეთის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია (EAÕK) ორგანიზაციულად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ნაწილია.
https://news.err.ee/1610004454/estonia-s-only-monastery-gradually-taking-shape
