სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი, მასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო, ზოგიერთი მოკავშირის დასჯის საკითხს განიხილავს.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა „სრული სიმშვიდე“ გამოხატა იმ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ოფიციალური ვაშინგტონი ნატო-ს საქმიანობაში ესპანეთის მონაწილეობის შეჩერებას განიხილავს. ამის მიზეზია ირანის ომის მიმართ ესპანეთის უარყოფითი პოზიცია და ამ ქვეყნის ხელისუფლების უარი, რომ ესპანური ბაზები და საჰაერო სივრცე თეირანის წინააღმდეგ ოპერაციების განსახორციელებლად იყოს გამოყენებული.
ანონიმურმა ოფიციალურმა წყარომ „როიტერს“ განუცხადა, რომ პენტაგონი თავის შიდა სამსახურებრივ ელექტრონულ წერილში ნატო-ში ესპანეთის მონაწილეობის შეჩერების საკითხზე მსჯელობს, ხოლო გაერთიანებული სამეფოს დასჯის მიზნით, ფოლკლენდის კუნძულების მიმართ ვაშინგტონის პოზიციის შეცვლას განიხილავს. ეს ორი ქვეყანა (ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი) მათ რიგებში არიან, რომლებმაც ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში თავიანთი ტერიტორიის გამოყენება შეზღუდეს.
„ჩვენ ელექტრონული წერილების მიხედვით კი არა, არამედ აშშ-ს ოფიციალური დოკუმენტების გათვალისწინებით ვმსჯელობთ“, – განაცხადა სანჩესმა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მოკავშირეებთან ესპანეთის „სრული თანამშრომლობა“, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. „ჩვენ ერთგული პარტნიორი ვართ“, – აღნიშნა მან.
შიდა ელექტრონულ წერილებში ნახსენები სავარაუდო საპასუხო ზომები
„როიტერის“ მიერ ციტირებული ოფიციალური წყარო ახსენებს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ შიდა ელექტრონულ წერილს, რომელშიც იმ მოკავშირეების დასჯის ვარიანტებზეა საუბარი, ვინც ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციას მხარი არ დაუჭირა. აღნიშნულ წერილში აქცენტი კეთდება ნატო-ში ესპანეთის მონაწილეობის შესაძლო შეჩერებასა და ფოლკლენდის კუნძულებთან მიმართებაში აშშ-ის პოზიციის სავარაუდო გადახედვაზე, როგორც საპასუხო ქმედებაზე დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ.
გზავნილი გამოხატავს ტრამპის ადმინისტრაციის იმედგაცრუებას მოკავშირეების მიმართ, რომელბმაც უარი უთხრეს აშშ-ს, ჰქონოდა წვდომა მათ ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ბაზებზე და გამოეყენებინა მათი საჰაერო სივრცე.
https://www.rtve.es/noticias/20260424/eeuu-espana-guerra-iran-otan-correo-electronico-pentagono-pedro-sanchez/17039096.shtml
