ამ ტიპის დაპირისპირება კარგად აშიშვლებს იმ სიყალბეს, რაც არის ამ ურთიერთობაში, რომ თითქოს უკრაინა დღეს, ხვალ გახდება წევრი, – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, რითაც გამოეხმაურა Financial Times-ის სტატიას, რომ „გაწევრიანების ტემპთან დაკავშირებულმა განსხვავებულმა შეხედულებებმა უკრაინასა და ევროკავშირს შორის დაძაბულობა გაამწვავა“.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, უკრაინის გაერთიანებაში მიღება არ სურთ, მაგრამ არც უკრაინის დაკარგვა უნდათ, ამიტომ ცრუ და ბუნდოვან დაპირებებს გასცემენ.
„უკრაინა ცდილობს იპოვოს მოკლე გზა ევროკავშირში წევრობისთვის, თუმცა ყველაფერი არის ცხადი – ამდენი წლის დაკვირვებამ აჩვენა, რომ არანაირი მოკლე გზა ევროკავშირის წევრობის არ არსებობს. წევრი სახელმწიფოები საკუთარ ინტერესებს მტკიცედ იცავენ და მათ, რა თქმა უნდა, არ უნდათ უკრაინის მსგავსი კონკურენტის ამ ბაზარზე შემოყვანა, მაგრამ თან არ უნდათ უკრაინის დაკარგვა და ასეთი ბუნდოვანი დაპირებებით ცდილობენ უკრაინელების გაბრუებას და არც იმას აცდიან უკრაინას, რომ სხვა ალტერნატივები ნახოს“, – აღნიშნა მახაშვილმა.
ევროკავშირში ვოლოდიმირ ზელენსკის გაწევრებისკენ სწრაფვა პარტნიორებთან ურთიერთობებს ძაბავს – ამ სათაურით Financial Times-ი სტატიას აქვეყნებს და უთანხმოების მიზეზებზე საუბრობს. გამოცემის თანახმად, კიევი უარს ამბობს ეტაპობრივ ან „სიმბოლურ“ წევრობაზე და სრულ წევრობას მოკლე ვადაში ითხოვს. ევროკავშირის ლიდერები კი ამ პოზიციას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ გაწევრება მხოლოდ ეტაპობრივად, რეფორმების შესრულების მიხედვით უნდა მოხდეს, რაც შესაძლოა ათი წელი გაგრძელდეს.
