დონალდ ტრამპისგან რჩევა ნამდვილად არ გვჭირდება. მან უნდა შეხედოს, რა არეულობა გამოიწვია, – ამის შესახებ გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ფინანსთა მინისტრმა, ლარს კლინგბეილმა განაცხადა.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ტრამპმა უნდა უზრუნველყოს, რომ ირანთან სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩატარდეს.
კლინგბეილმა ასევე გააკრიტიკა ტრამპის სტრატეგია ირანთან მიმართებით.
„ვფიქრობ, მას ნამდვილად ეგონა, რომ ეს ორი ან სამი დღის საქმე იყო და შემდეგ ყველაფერი კარგად იქნებოდა“, – განაცხადა ლარს კლინგბეილმა.
გერმანიის ფინანსთა მინისტრის თქმით, ტრამპს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის სწრაფად დასრულებაზე. კლინგბეილმა ასევე ევროპის ეკონომიკური სიძლიერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„არ მინდა, ჩვენ დამოკიდებულნი ვიყოთ იმაზე, რა განწყობაზეა დონალდ ტრამპი დღეს ან ხვალ“, – განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან დაკავშირებით 28 აპრილს განაცხადა: „ფრიდრიხ მერცი ფიქრობს, რომ ნორმალურია, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. მან არ იცის, რას ლაპარაკობს. გასაკვირი არ არის, რომ გერმანიას ასე ცუდად აქვს საქმე“. ტრამპმა მერცთან დაკავშირებით 30 აპრილსაც გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნა: „გერმანიის კანცლერმა მეტი დრო უნდა დაუთმოს რუსეთ-უკრაინის ომს და თავისი დანგრეული ქვეყნის აღდგენას“.
