ჩეხეთმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს მოსკოვში გასამგზავრებლად ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ადამ ჩორგომ განაცხადა.
ჩორგომ უარყო რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩეხეთმა რობერტ ფიცოს, რომელიც მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე დასწრებას გეგმავს, საჰაერო სივრცე დაუხურა.
მისი თქმით, ჩეხეთი არ შედის იმ ქვეყნების სიაში, რომლებმაც ფიცოს საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალეს.
„სლოვაკურმა მხარემ წარადგინა სტანდარტული მოთხოვნა ფრენის ნებართვის მისაღებად და ის დაუყოვნებლივ დამტკიცდა“, – განაცხადა ჩორგომ.
რობერტ ფიცოსთვის მოსკოვში გასაგზავრებლად საჰაერო სივრცე ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა დახურეს.
ცნობისთვის, გასულ წელს, ევროპელი კოლეგების პროტესტის მიუხედავად, რობერტ ფიცო მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე მაინც ჩავიდა. 2025 წლის 9 მაისს მოსკოვში გამართულ საზეიმო ღონისძიებებზე სახელმწიფოს მეთაურის დონეზე რობერტ ფიცო და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი იმყოფებოდნენ.
