თავისი საბრძოლო მზადყოფნა რუსეთმა, შესაძლოა, უკვე 2027 წელს აღადგინოს. ამიტომ, თავად ესტონეთის მომზადების დონე სწრაფად უნდა ამაღლდეს – ეს ამონარიდი ესტონეთის თავდაცვის ძალების (EDF) ყოველწლიური ანგარიშიდან არის აღებული.
ორშაბათს, 4 მაისს, გამოქვეყნდა ესტონეთის თავდაცვის ძალების ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც გასული წლის მთავარი მოვლენებია შეჯამებული. დოკუმენტი ცხადყოფს, რომ რუსეთი, უკრაინაში მძიმე დანაკარგების მიუხედავად, სამხედრო რეფორმებს კვლავ აგრძელებს.
თავდაცვის ძალების სარდალი, ანდრუს მერილო ანგარიშში წერს: „ომი უკრაინაში ისე არ დასრულდება, რომ რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ მოქმედების უნარი დაკარგოს“.
უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, რუსეთის საზოგადოება და ეკონომიკა მთლიანად ახალ ომზე იქნება ორიენტირებული და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის „სურვილი, რომ სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნოს ძალაუფლება, რუსეთის საომარ მდგომარეობაში ყოფნაზე იქნება დამოკიდებული“.
„ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ომიდან გამოსვლის შემდეგ, რუსეთი თავისი არმიის საბრძოლო მზადყოფნას აღადგენს. ამავდროულად, ის აქტიურად დაიწყებს ახალი სამიზნეების ძიებას და მათზე ზეწოლას, დესტაბილიზაციისკენ მიმართული აქტივობებისა და კამპანიების გზით“, – წერს მერილო.
„ჩემი შეფასებით, 2027 წელი არის ის დრო, როდესაც რუსეთის საბრძოლო მზადყოფნა აღდგება და თუ ის სადმე სამხედრო ძალის გამოყენებისთვის ხელსაყრელ შესაძლებლობას დაინახავს, მის გამოყენებას აუცილებლად შეეცდება“, – დასძენს ის.
უფრო მაღალი დონის მზადყოფნა
აღნიშნულიდან გამომდინარე, ესტონეთმა ასევე უნდა მიაღწიოს მზადყოფნის უფრო მაღალ დონეს, რაც გულისხმობს უკეთეს წვრთნასა და უფრო თანამედროვე აღჭურვას.
„ჩვენ საინტერესო დროში ვცხოვრობთ, როდესაც ყოველი დღე რაღაც ახალს გვთავაზობს. უსაფრთხოების არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ეს დრო კიდევ უფრო საინტერესო გახდება“, – აღნიშნა მერილომ, ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.
„დღეს აზრი არ აქვს იმაზე სპეკულირებას, თუ რა იქნება შემდეგ. გაცილებით უკეთესია, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ კრიზისული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა ესტონეთის თავდაცვის ძალების სარდალმა.
მისივე თქმით, სანამ სიტუაცია უკეთესობისკენ წავა, მანამდე ის, ალბათ, კიდევ უფრო დამძიმდება.
https://news.err.ee/1610014348/estonian-defense-forces-russia-could-restore-combat-readiness-in-2027
