რუსეთის სასაზღვრო ქალაქ ივანგოროდის ხელისუფლება 9 მაისს, მდინარის გაღმა მდებარე ქალაქ ნარვას მცხოვრებლებისთვის, კიდევ ერთი კონცერტის ჩასატარებლად ემზადება.
ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ERR) ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ივანგოროდში, მდინარე ნარვაზე მდებარე ხიდთან და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან ახლოს, სცენას ამონტაჟებენ, რომელიც ქალაქ ნარვისკენ იქნება მიმართული.
ამის საპასუხოდ, ქალაქ ნარვის მუზეუმმა განაცხადა, რომ კვლავ გამოფენს ბანერს, რომელიც მდინარის გაღმიდანაც გამოჩნდება. ამ ბანერზე გაკეთებული წარწერით, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომის დამნაშავედ იქნება გამოცხადებული. გარდა ამისა, ნარვის ციხესიმაგრის კედლებზე ესტონეთის, ევროკავშირის, უკრაინისა და ქალაქ ნარვის დროშები გამოიფინება.
„პუტინის პლაკატი ნარვის ციხესიმაგრის ფლაგშტოკზე ევროპის დღეს გამოიფინება. ეს იქნება ამჟამად მიმდინარე ომის და რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულების შეხსენება“, – განაცხადა ნარვის მუზეუმის დირექტორმა, მარია სმორჟევსკიხ-სმირნოვამ.

ეს იქნება ივანგოროდის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული მეოთხე კონცერტი მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
კონცერტის დროს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და ნაცისტურ გერმანიაზე რუსეთის გამარჯვების აღსანიშნავად იმართება, ასევე მოხდება მოსკოვში, წითელ მოედანზე მიმდინარე ყოველწლიური სამხედრო აღლუმისა და ომისდროინდელ პატრიოტულ სიმღერების ტრანსლირება, რათა მას მდინარის მეორე ნაპირზე მყოფმა ესტონეთის მცხოვრებლებმაც ადევნონ თვალი.
რუსეთი, 9 მაისის ასეთი აღნიშვნით, ხაზს უსვამს თავის როლს ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებული ქვეყნების „გათავისუფლებაში“. თუმცა, ესტონელებისთვის ეს დღე საბჭოთა კავშირის მიერ ესტონეთის მეორე ოკუპაციის დაწყებას უფრო ნიშნავს, რომელიც მხოლოდ 1991 წელს დასრულდა.
პარალელურად, 9 მაისს, მდინარისგან მოშორებით, ქალაქ ნარვის ცენტრში, ევროპის დღის აღსანიშნავად, უფასო კონცერტი ჩატარდება, რომელსაც ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კრისტენ მიხალიც („რეფორმის პარტია“) დაესწრება.

ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახური: რუსეთი ნარვის მცხოვრებთა ემოციებს ბოროტად იყენებს
ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურები აცხადებენ, რომ ეკრანები მხოლოდ მდინარესთან არის დამონტაჟებული და მიმართულია ქალაქ ნარვასკენ და არა თავად ივანგოროდის მცხოვრებლებისკენ.
ივანგოროდის მცხოვრებლებისკენ. ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა „პროპაგანდისტული კონცერტი“ თავის 2023/2024 წლების ანგარიშშიც შეაფასა. მასში ნათქვამია, რომ რუსეთი „გავლენის ოპერაციების“ განხორციელების ახალ გზებს ეძებს, 9 მაისს გამართულ ამ ღონისძიებას კი უწყება „კარგი ხილვადობის მქონე საჯარო აქციას“ უწოდებს.
სამსახურის ცნობით, 2023 წელს 9 მაისის ღონისძებას ესტონეთის სანაპიროს მხრიდან დაახლოებით 2 ათასი ადამიანი ადევნებდა თვალს.
„ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ეს აუდიტორია იზიარებდა რუსეთის ამჟამინდელ შეხედულებებსა და ღირებულებებს. ზოგიერთი იქ ცნობისმოყვარეობის გამო იყო მისული, ხოლო ნარვის სხვა მცხოვრებლებმა ეს შემთხვევა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ნათესავების მოსახსენიებლად გამოიყენეს, რაც 9 მაისის ყოველწლიური ტრადიციაა“, – ნათქვამია ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.
თუმცა, „კონცერტ-მიტინგის“ ორგანიზატორები შეეცადნენ, ომის მსხვერპლთა ხსოვნისთვის „შეუფერებელი და ცინიკური, აგრესიულად პოლიტიკური შინაარსი“ მიეცათ და ნარვის მცხოვრებთა ემოციები ბოროტად გამოეყენებინათ.
„მსხვერპლთა ხსოვნის ფონზე, კვლავ განხორციელდა დაპირისპირებაზე დაფუძნებული ისტორიული ნარატივების გაღვივებისა და ისტორიული წინააღმდეგობებით გამოწვეული ძველი მტრობის გაცოცხლების მცდელობები “, – აღნიშნულია უწყების წლიურ ანგარიშში.
https://news.err.ee/1610014474/russia-preparing-for-may-9-propaganda-concert-on-estonia-s-border
