კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს და სამუზეუმო წელი შეაჯამეს საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ, სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსმა, სალომე ჯამბურიამ, სასახლე-მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კალანდიამ და ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ.
თინათინ რუხაძემ სამუზეუმო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „წლის მუზეუმელის“ ჯილდო 20 მუზეუმელს გადასცა.
„სასიხარულოა, რომ საქართველო აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო სამუზეუმო კვირეულში, რომლის ფარგლებშიც, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი მუზეუმები განსაკუთრებულ პროგრამებს სთავაზობენ საზოგადოებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღეს წლის მუზეუმელები დავაჯილდოვეთ, რითაც მრავალწლიანი შრომისთვის მადლობა გადავუხადეთ ადამიანებს, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში შეინარჩუნეს და მომავალ თაობებს შეუნახეს ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საგანძური.
ქვეყანაში მიმდინარეობს მასშტაბური სამუზეუმო რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს როგორც მუზეუმების განვითარებას, ისე მუზეუმის თანამშრომლების როლის მეტად წარმოჩენასა და დაფასებას, რადგან ყოველწლიურად სწორედ ეს ადამიანები მასპინძლობენ მილიონობით ვიზიტორს და მნიშვნელოვან, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტებს ახორციელებენ. ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ჩართულობა მსოფლიო მნიშვნელობის კვლევაში, რომელიც ხორბლის 8000-წლიან ისტორიას ეხება“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თბილისისა და რეგიონული მუზეუმების წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები.
მიმდინარე წელს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მუზეუმების საერთაშორისო კვირეული საქართველოს მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებით აღინიშნა.
მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წელს მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) ინიციატივით დაარსდა და იგი ყოველი წლის 18 მაისს საზოგადოებაში მუზეუმის მნიშვნელობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით აღინიშნება.
