ეს ადამიანი იქცა მხარედ, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს, თავისი განცხადებებით, მოწოდებებით მაშველი რგოლის ფუნქცია იკისროს რადიკალურ ოპოზიციასთან მიმართებაში და ამით დააზიანოს გერმანია-საქართველოს ურთიერთობები, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ გერმანიის ელჩზე საუბრისას.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, პეტერ ფიშერი ოდიოზურ ფიგურად იქცა როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ასევე ყველა, რაციონალურად მოაზროვნე ადამიანისთვის საქართველოში.
ქაჯაია მიიჩნევს, რომ ელჩი, რომელიც უნდა იყოს ობიექტური და ერთგვარი ხიდი გერმანიასა და საქართველოს შორის, პოლიტიკურ აქტორად იქცა.
„ეს ადამიანი იქცა მხარედ, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს თავისი განცხადებებით, მოწოდებებით მაშველი რგოლის ფუნქცია იკისროს რადიკალურ ოპოზიციასთან მიმართებაში და ამით დააზიანოს გერმანია-საქართველოს ურთიერთობები, რომელსაც მრავალი ათეული წლის განმავლობაში როგორც საქართველოს, ასევე გერმანიის მხარე აშენებდა. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, თუ როგორი ურთიერთობები ჰქონდა გერმანიასა და საქართველოს წინა პერიოდში“, – აღნიშნა ქაჯაიამ.
მისივე თქმით, პეტერ ფიშერი იქცა აქტივისტად და არა ელჩად, რაც გულდასაწყვეტია და იგი ვერ იქნება ობიექტური, წარმოადგენს მხარეს, რასაც ქართულ ღირებულებებთან და საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასთან საერთო არ აქვს.
„ქართული ოცნება“ გერმანიის ელჩს „დიფ სთეითის“ საკითხით მანიპულირებაში ამხელს – მმართველ ძალაში მიიჩნევენ, რომ პეტერ ფიშერი თავისი ცინიზმით შეერთებულ შტატებსა და იმ ქვეყნების ლიდერებს დასცინის, რომლებიც ამ თემაზე დიდი ხანია, ლაპარაკობენ. გერმანელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ თითქოს, „დიფ სთეითი“ საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოგონილი კონსპირაციაა.
