„ნაცმოძრაობის“ წიაღში შეიქმნა ინსტიტუტი, სამსახური, სადაც ადამიანები დასაქმებული არიან სხვადასხვა მიმართულებით. ერთნი გეგმავენ და ახორციელებენ ფიზიკური დაპირისპირების სცენარს, მეორენი ინტენსიურად გამოდიან პროპაგანდისტული რესურსით. მით უმეტეს, რომ საკმაო მედიასაშუალება აქვთ ამისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი გამოეხმაურა გამოცემა „ვაშინგტონ ფრი ბიკონის“ მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით სტატიის გამოქვეყნებას.
ვოლსკის თქმით, გიორგი კანდელაკი დეზინფორმაციის მიმართულების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სივრცეში.
გია ვოლსკი ამბობს, რომ გიორგი კანდელაკი ეწევა მოღალატეობრივ საქმიანობას და საქართველოსთვის ზიანის მიყენების ინტერესებს ემსახურება.
„არსებობს სპეციალური სამსახური, რომელიც ავრცელებს დეზინფორმაციას და ეს სამსახურები დაფინანსებულია, ხელფასს იღებენ, გარკვეული პოლიტიკური ინტერესიც აქვთ. ის, რომ საქართველოში კამპუსებია და ტერორისტები მზადდება, არის მოგონილი თემა, რათა დაიწეროს ზუსტად ისეთი სტატია, რომელიც ჯო უილსონის კარნახითაა ჩამოყალიბებული. ეს სტრატეგია გრძელდება. ადრე ჩინეთი იყო დღის წესრიგში, ახლა ირანია, ვინაიდან ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ სივრცეში გარკვეული დაპირისპირება და თავისი დიდი პოლიტიკური მიზნები აქვს. რასაკვირველია, პატარა საქართველოსთვის ზიანის მიყენება არის თემა, რომელიც აინტერესებთ. „ომის პარტიას“ დავუძახებთ, „დიფ სთეითს“, თუ „ოლიგარქიულ ოჯახებს“, ეს არის თემა, რომელსაც რეალურად ემსახურება კანდელაკი. ეს მხოლოდ ცუდი საქციელი და დეზინფორმაცია არ არის, ეს არის პირდაპირ მოღალატეობრივი საქმიანობა, ორგანიზებული, დაფინანსებული და პოლიტიკურად მხარდაჭერილი.
აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მიზანი, რომელიც არ შეცვლილა წლების განმავლობაში – ვიღაც რევოლუციას ცდილობს, ვიღაც სისხლისღვრის ორგანიზებას და ვიღაც ცდილობს, პროპაგანდისტული მხრიდან შეუტიოს საკუთარ ქვეყანას. ყოველთვის იდგა ქვეყნის დესტაბილიზაციის და არეულობის მოწყობის ამოცანა, მარიონეტული ხელისუფლების მოყვანის და კონკრეტული ამოცანების შესრულების, რომელიც საქართველოს ეკონომიკური და ფიზიკური ნგრევის წინაპირობა იქნება. წლების განმავლობაში ვიხილეთ ქუჩაშიც რევოლუციის მცდელობები, ვიხილეთ პროპაგანდისტული შემოტევა. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ის რესურსი აღარ აქვთ, რასაც იღებდნენ, თუნდაც USID -სგან, მაგრამ მეორე რესურსი აქვთ მობილიზებული, მათ შორის ბრიუსელიც ჩარეულია დაფინანსებასა და წახალისებაშიც. ამ რესურსით უტევენ საკუთარ ქვეყანას, რათა საქართველო გადააქციონ პროქსი ომის პოლიგონად, საზარბაზნე ხორცად – ეს არის ჩვენი როლი იმ დაპირისპირებაში, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. ეს როლი განგვისაზღვრა კონკრეტულმა ჯგუფმა. რასაკვირველია, ეს ბოროტი ხასიათის გამო კი არ კეთდება, არის სტრატეგიული ამოცანა, გეგმა, რომელიც მსოფლიო დაპირისპირების სცენარშია ჩაწერილი.
ერთ-ერთი ბერკეტი, ფლანგი, მიმართულება, რასაკვირველია, არის საქართველო, რომელიც, პირველ რიგში, საგანგებოდ მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობისაა, სადაც უნდა განაგებდეს არა პატრიოტული ხელისუფლება, არამედ ვინც ასრულებს დავალებებს და ამოცანებს. მეორე არის დაძაბულობის შექმნა რუსეთის მიმართულებით, რომელიც მას ძალას გამოაცლის ევროპისკენ აგრესიის შესამცირებლად. ზოგადი მიმოხილვაა, მაგრამ ამაში აშკარად იკითხება დეტალურად, კალენდარულად გაწერილი გეგმა. რაც შეეხება კანდელაკის განცხადებას, ამ სცენარის ერთ-ერთი ნაწილია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ახალია. პერიოდულად ვისმენთ, რომ საქართველოში ბანაკებია გახსნილი ტერორისტების მოსამზადებლად და კამპუსებია ახალგაზრდა ირანელი ბოევიკების მოსამზადებლად. ამას პერიოდულად ვისმენთ, უბრალოდ სხვადასხვა ინტენსივობით ვრცელდებოდა. კანდელაკი ამ სამსახურის, ამ მიმართულების – დეზინფორმაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სივრცეში“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
