ხანდახან გგონია, ყველაფერი ნახე და საზოგადოებისთვის გასაკვირი აღარაფერი იქნება, მაგრამ ვხედავთ, რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს საქმე. არიან ადამიანები, რომელთაც სხვა ინტერესი აქვთ. მათი მიზანია, რაღაცნაირად ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას ხელი შეუშალონ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილი გამოეხმაურა გამოცემა „ვაშინგტონ ფრი ბიკონის“ მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით სტატიის გამოქვეყნებას.
ლევან მახაშვილის თქმით, გიორგი კანდელაკი ერთ-ერთი ხმა და სახეა იმ ძალების, რომლებიც ცდილობენ, საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობა მაქსიმალურად დააზიანონ.
„მზად არიან, მიზნის მისაღწევად ამ მასშტაბის სიყალბეზე წავიდნენ. ფაქტობრივად, ეს არის საკუთარი სახელმწიფოს და საკუთარი საზოგადოების განვითარების დინების წინააღმდეგ სვლა. ეს მათი არჩევანია, თუმცა, ჩემი აზრით, პიროვნული ტრაგედიაა. რთული რეგიონია, ქვეყანას დანის პირზე უწევს გავლა, რათა სერიოზულ დაპირისპირებებში ჩათრევას გადავრჩეთ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გიორგი კანდელაკი ამ საქმეში მარტოა. ის ერთ-ერთი ხმა და სახეა იმ ძალების, რომლებიც ცდილობენ, საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობა მაქსიმალურად დააზიანონ. გიორგი კანდელაკი ამ საქმეში ადრეც იყო ჩართული, ახლაც აგრძელებს. კარგად გვახსოვს, კანდელაკი და მისი კოლეგები ბრიუსელში როგორ დადიოდნენ, რომ ქვეყანას უვიზო მიმოსვლა არ მიეღო. შემდეგ კი ცდილობდნენ, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ჩამოერთვათ. ქართულ საზოგადოებას ეს კინო და ისტორია ნანახი აქვს. მათგან ეს საქმიანობა არ გვიკვირს, მაგრამ ახლა სიყალბის მასშტაბი გაგვიკვირდა“, – განუცხადა ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
