ლიეტუვის რეესტრის ცენტრიდან, რომელიც ქონებისა და პერსონალური მონაცემების მართვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სააგენტოა, 600 000-ზე მეტი ჩანაწერია მოპარული. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და აცხადებს, რომ უნებართვო წვდომა, შესაძლოა, უცხო სახელმწიფოდან მომდინარეობდეს.
რა მონაცემები გაიჟონა?
რეესტრის ცენტრის ხელმძღვანელის, ადრიუს იუსასის განცხადებით, გაჟონვამ გარეშე პირთათვის ხელმისაწვდომი გახადა უძრავი ქონების რეესტრის ამონაწერებში არსებული მონაცემები, მათ შორის – მოქალაქეთა საიდენტიფიკაციო პირადი ნომრები.
თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისეთი საკონტაქტო ინფორმაცია, როგორიცაა ტელეფონის ნომრები და ელექტრონული ფოსტის მისამართები, ხელმისაწვდომი არ გამხდარა, ისევე როგორც საბანკო ანგარიშის ნომრები, საგადახდო ინფორმაცია ან დოკუმენტები, რომლებიც ქონებრივ გარიგებებს ან სასამართლო გადაწყვეტილებებს ეხება.
პროკურატურამ დაადასტურა, რომ რამდენიმე უნებართვო შესვლა და რეესტრის ცენტრზე წვდომის მცდელობა განხორციელდა უცხო სახელმწიფოდან, სხვა უწყებების მიერ ადმინისტრირებული სისტემების გამოყენებით. ლიეტუველ სამართალდამცავებს გაჟონვის საქმეში ჩართული ქვეყანა ან ინსტიტუტები არ დაუსახელებიათ, იუსასმა კი აღნიშნა, რომ ამ დეტალების გამჟღავნება არ შეუძლია.
საინფორმაციო პორტალმა 15min-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაჟონვა ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის კუთვნილი ანგარიშების მეშვეობით მოხდა.
გაჟონილ მონაცემებს შორის, შესაძლოა, დაზვერვის ოფიცრების მონაცემებიც იყოს
კვირას, 25 მაისს, კონსერვატიული ოპოზიციის ლიდერმა, ლაურინას კაშჩიუნასმა საზოგადოება გააფრთხილა, რომ მონაცემთა გაჟონვამ, შესაძლოა, პირდაპირი საფრთხე შეუქმნას ეროვნულ უსაფრთხოებას.
ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში მან აღნიშნა, რომ გაჟონილი მონაცემები შეიძლება მოიცავდეს სენსიტიურ ინფორმაციას დაზვერვის ოფიცრების, სამხედრო პერსონალის, პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და საჯარო მოხელეების, ასევე კერძო პირებისა და ბიზნესების შესახებ. მან ივარაუდა, რომ ინციდენტი რუსეთის სპეცსამსახურების ოპერაციის ნიშნებს ატარებს.

კაშჩიუნასის მტკიცებით, დაზვერვის ან სამხედრო პერსონალის საცხოვრებელი მისამართების მონაცემები განსაკუთრებით სენსიტიურია, რადგან ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ფიზიკური თვალთვალისთვის, ადამიანის გადაადგილებისა და კონტაქტების მონიტორინგისთვის, ან სათვალთვალო მოწყობილობების დამონტაჟების მცდელობისთვის. ასეთმა ინფორმაციამ ასევე შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს კიბეროპერაციებს, რაც ხელს შეუწყობს მიზანმიმართულ ფიშინგ-თავდასხმებს, პირადი მონაცემების მოპარვას ან ანგარიშების გატეხვას, ისევე როგორც გადაბირების მცდელობებს, რომლის დროსაც, როგორც წესი, ფინანსური, ოჯახური ან პირადული სუსტ წერტილები გამოიყენება.
გენერალურ პროკურატურამ ეს განცხადებები არც დაადასტურა, არც უარყო და არც მასში ჩართული უცხო სახელმწიფო დაასახელა.
გადადგომის წნეხის ქვეშ
პრემიერ-მინისტრმა ინგა რუგინიენემ, აგრეთვე ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრმა, ედვინას გრიკშასმა იუსასს გადადგომისკენ მოუწოდეს.

იუსასმა განცხადა, რომ გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და ამ საკითხის განხილვას ეკონომიკისა და ინოვაციების სამინისტროში დაგეგმილ შეხვედრაზე აპირებს, რომელიც რეესტრის ცენტრის მუშაობას კურირებს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პრიორიტეტი იყო იმ სამსახურის სტაბილური და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა, რომელიც ის „სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტად“ მოიხსენიებს.
იუსასის თქმით, სამინისტროსა და ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოზიცია გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებები სახელმწიფო დონეზე მიიღება. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ის პროფესიონალი მენეჯერია და არა პოლიტიკოსი, ამიტომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს.
https://www.lrt.lt/en/news-in-english/19/2939056/lithuania-investigates-massive-data-breach-suspects-foreign-intelligence-operation
