ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებით მოქმედებს, ისტორიულად არასდროს ყოფილა სხვანაირად მოწყობილი სახელმწიფოთაშორის ურთიერთობები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებაზე. სენატორმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს ისე, რომ ეს აშშ-სა და დასავლეთისთვის სასარგებლო იყოს.
„აქ ჩანს ზუსტად ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებით მოქმედებს. გუშინ საღამოს რომ ვიხილეთ „ნაცმოძრაობის“ ღონისძიება, ეს ხალხი არწმუნებს თავის მხარდამჭერებს, რომ ვიღაც დედამიწის ზურგზე უფრო მეტად ზრუნავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, ვიდრე ქართველი ადამიანი და საქართველოს ხელისუფლება. ეს მწარე სიმართლეც არ არის, რეალობაა, ასე იყო ყოველთვის. ისტორიულად არასდროს ყოფილა სხვანაირად მოწყობილი სახელმწიფოთაშორის ურთიერთობები. ასე რომ, ეს წამოცდენა თუ განცხადება მისი მხრიდან აჩვენებს რასთანაც საერთაშორისო პოლიტიკაში გვაქვს საქმე. ზუსტად ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა სენატორ შაჰინს საქართველოსთან დაკავშირებითაც. ის უყურებდა საქართველოს ისე, რომ რა შეიძლება არგოს საქართველომ მისი ქვეყნის ინტერესებს. კიდევ სხვა საკითხია, რამდენად სწორად ესმის მას ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
