მიზანია ყველა მხრივ, ყველა საშუალებით ქვეყნის გარედან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება თანამედროვე ორჯონიკიძეების მხრიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ “იმედის” ეთერში გიორგი კანდელაკის კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც წერია, რომ თბილისი ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.
კირცხალიას თქმით, ყველა აბსურდულ განცხადებაში, ყველა აბსურდულ “კვლევაში“ ამ ადამიანის სახელი და გვარი ისახება.
“მიზანი რა არის, ძალიან მარტივია. მიზანია ყველა მხრივ, ყველა საშუალებით ქვეყნის გარედან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება თანამედროვე ორჯონიკიძეების მხრიდან. კანდელაკზე როდესაც ვსაუბრობთ, მისი ისტორიაც ხელის გულზე დევს, თუ რას აკეთებდა და როგორ იქცეოდა. გვახსოვს, ჩვენი გუნდის წევრები იხსენებდნენ, ეუბნებოდნენ ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის წარმომადგენლები, რომ თურმე აგვაწიოკაო. კაბინეტ-კაბინეტ დარბოდა უვიზო რეჟიმი როდესაც უნდა შემოსულიყო ჩვენს ქვეყანაში, როგორ ბედავთ ამ ყველაფერს, ამას ხომ „ქართული ოცნება“ მიიწერს და ჩვენს ქვეყანას როგორმე ეს ბენეფიტი არ მისცეთო. ამით დაიწყო ამ ბავშვმა თავის დროზე თავისი მოღალატეობრივი მოღვაწეობა. შემდეგ ალბათ შეამჩნია იმ ბიუროკრატიამ, პოლიტიკოსებმა რომ ამ ყველაზე ბინძურ ღალატში გამოდგებოდა და ალბათ მაგ დროიდან დაიტოვეს კონტრაქტზე. ყველა აბსურდულ განცხადებაში, ყველა აბსურდულ „კვლევაში“ გვესახება ამ ადამიანის სახელი და გვარი“, – განაცხადა კირცხალიამ.
მისივე თქმით, კანდელაკი ის ადამიანია, ვისაც საფრანგეთის საელჩომ „გრანტების შესახებ“ კანონის მიღებისას ტურისტული ბილიკების დაკვალვისთვის მის არასამთავრობო ორგანიზაციას გრანტი გამოუყო.
“ალბათ, ამ დაკვალვის დროს თავში მოსდის ხოლმე განსაკუთრებით ბინძური და სრულიად აბსურდული ცილისწამება თავისი ქვეყნის წინააღმდეგ. არამხოლოდ კანდელაკი, ავიღოთ ხიდაშელი[თინა], საბანაძე[ნატალია], რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესში იჯდა“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
