დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს ელოდებიან. გივი მიქანაძე ინტერპელაციის წესით ფრაქციამ „საქართველოსთვის“ დაიბარა. უწყების ხელმძღვანელს ფრაქციამ 44 შეკითხვა გაუგზავნა, რომლებიც ძირითადად განათლების რეფორმას, განათლების დაფინანსებას, საკადრო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, პროგრამების გადანაწილებას, აკადემიურ თავისუფლებას და ზოგად განათლებას ეხება.
„ინტერპელაციის კითხვებში ჩანს არაკომპეტენტურობა, ასევე ის, რომ არ აქვთ ცოდნა მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს, რომ შევაფასოთ ეს, როგორც თავდასხმა ისტორიულ რეფორმაზე, რომელიც ჩვენი შვილების მომავალს ეხება. ინტერპელაციის კითხვები გაიგზავნა სწორედ იმ დეპუტატისაგან, რომელსაც უშუალოდ აქვს მანდატი, რომ კომიტეტის ფარგლებში წარმოედგინა კვლევებზე დაფუძნებული რაიმე ტიპის შენიშვნები. ესეც აჩვენებს მათ მიზანს, დააზიანონ ისტორიული პროცესი”, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.
