ისრაელის სამხედრო ძალებმა ტვიროსში, ნაბათიესა და ბექაას ხეობაში დარტყმები განახორციელეს. ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას.
მედიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელმა „ჰეზბოლას“ 150-ზე მეტ ობიექტს დაარტყა.
მანამდე, ისრაელმა სამხრეთ ლიბანის მასშტაბით ევაკუაციის ბრძანება გასცა.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, დარტყმები ხორციელდება „ჰეზბოლას“ სამეთაურო ცენტრებზე და მდინარე ზაჰრანის სამხრეთით ყველა ტერიტორია საბრძოლო ზონად ითვლება.
შესაბამისად, მთელი რეგიონის მოსახლეობას მდინარის ჩრდილოეთით გადანაცვლებისკენ მოუწოდებენ. მედიის ინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ ოპერაცია, შესაძლოა, გასცდეს იმ „უსაფრთხოების ზონას“, რომელსაც ისრაელი ამჟამად აკონტროლებს.
ცნობისთვის, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 მარტიდან მოყოლებული ისრაელის თავდასხმების შედეგად 3 269 ადამიანი დაიღუპა, 9 840 კი დაშავდა.
